„თიბისი კაპიტალის“ კაპიტალის ბაზრების ყოველკვირეული მიმოხილვის მიხედვით, აშშ-ჩინეთის სავაჭრო დაძაბულობის დროებითი შეჩერების ფონზე, საფონდო ბაზრები მკვეთრად იზრდება — თითქოს პრეზიდენტ ტრამპის „გათავისუფლების დღის“ ტარიფების შოკს არც უარსებია.
„აშშ დოლარის ინდექსი (DXY), რომელიც დოლარის ღირებულებას ექვს ძირითადი ვალუტის მიმართ აფასებს, სამშაბათს დაეცა და 101.60-ს მიუახლოვდა — რაც 10 აპრილის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. მიუხედავად ამისა, ტარიფების შეთანხმების იმედი აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომის შიშებს ამცირებს და დოლარს მხარდაჭერას უწევს“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.
მიმოხილვის ავტორები აღნიშნავენ:
S&P 500-ის ფიუჩერსები ნიუ-იორკის ღია ვაჭრობის წინ თითქმის 4%-ით მატულობს და სავარაუდოდ, ინდექსი 2 აპრილის დონეს მნიშვნელოვნად გადააჭარბებს.
Nasdaq 100 ე.წ bull მარკეტის ზონაში ხელახლა შესვლასთან ძალიან ახლოსაა.
პარალელურად, აშშ დოლარმა თვეში საუკეთესო ზრდა დააფიქსირა, ხოლო სახაზინო ობლიგაციების ფასები დაეცა.
ტექნოლოგიურმა გიგანტებმა, რომლებიც ადრე გაყიდვის რეიტინგში იყვნენ, აღდგენის კუთხით ლიდერობა შეძლეს: Nvidia, Tesla და Apple-ი - თითოეულმა 5%-ზე მეტით იმატა პრე-მარკეტში, ხოლო Nasdaq 100-ის ფიუჩერსები 3.8%-ით გაძვირდა.
რაც შეეხება უსაფრთხო აქტივებს, მათ "გაყიდვაში” გადაინაცვლეს: მკვეთრად დაეცა ოქრო, იენი, შვეიცარიული ფრანკი, ხოლო ევრომ 1.5%-ით $1.1084-მდე დაიკლო — რაც წლევანდელი ყველაზე ცუდი დღიური მაჩვენებელია.
"სავალუტო ფიუჩერსების ბაზარზე ინვესტორებმა მყისიერად გადახედეს ცენტრალური ბანკების შესაძლო შემცირების პროგნოზებს და ახლა სექტემბერში 0.25%-იან კლებას ვარაუდობენ, მაშინ როცა, ერთი კვირის წინ, შემცირებას ივლისში ელოდნენ. მიუხედავად პოზიტიური ტალღისა, ინვესტორთა ნაწილი ფრთხილი რჩება —დეტალები ბუნდოვანია და სამთვიანი ვადა შესაძლოა საკმარისი რთული სავაჭრო დავების მოსაგვარებლად არ აღმოჩნდეს. ჯერაც გაურკვეველია, რა მოხდება, თუ ხელშეკრულება ამ დროის განმავლობაში ვერ შედგება.
ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა აღნიშნა, რომ შესაძლოა ეს „დაცხრობის ფაზა“ გაიწელოს. მანამდე კი ჩინელმა ექსპორტიორებმა - დააჩქარონ პროდუქციის აშშ-ში გაგზავნა ან გადაზიდვები მესამე ქვეყნების გავლით გადაამისამართონ, რამაც სავაჭრო დეფიციტი შეიძლება კიდევ მეტად გააღრმავოს", - აღნიშნულია მიმოხილვაში.




























