მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ ჩინეთს ტარიფებს შეუმცირებს - როგორ ჩაიარა ტრამპი-სი ძინპინის შეხვედრამ?

სავაჭრო მოლაპარაკებები

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის აზიური ტურნე ჩინეთის პრეზიდენტ, სი ძინპინთან პირისპირ შეხვედრითა და სატარიფო პოლიტიკის შემსუბუქებაზე შეთანხმებით დასრულდა. ორი ზესახელმწიფოს ლიდერები მორიგდნენ, რომ ჩინურ პროდუქტებზე იმპორტის გადასახადის მოცულობა 1 წლით, 57%-დან 47%-მდე შემცირდება. სანაცვლოდ, ოფიციალური პეკინი შტატებში ფენტანილის შეტანას მაქსიმალურად შეამცირებს. ამასთან, ჩინური მხარე იშვიათი მეტალების ექსპორტს არ შეზღუდავს, პარალელურად კი ამერიკული სოიოს იმპორტს განაახლებს.

ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შეხვედრა “10-დან 12 ქულით" შეაფასა და დააანონსა, რომ მომავალი წლის აპრილში ჩინეთს სახელმწიფო ვიზიტით ეწვევა. ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, მან დასძინა, რომ პეკინში მისი სტუმრობის შემდგომ თავად სი ძინპინიც ჩავა ვაშინგტონში.

სატარიფო პოლიტიკაზე წარმატებული შეთანხმების მიუხედავად, მხარეებს არაფერი უთქვამთ Nvidia-ს ჩიპებთან დაკავშირებით, რომელიც დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა უნდა ყოფილიყო. სავარაუდოა, რომ საკითხზე მხარეებმა პოზიციების შეჯერება ვერ შეძლეს. კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც მსოფლიო მედია თუ ანალიტიკოსები განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებოდნენ, ტაივანი იყო. თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ ტრამპმა განმარტა, რომ ეს თემა არც კი განხილულა.

იმის გათვალისწინებით, თუ როგორი რეაგირება ჰქონდათ ამერიკულ, ევროპულ თუ აზიურ ბირჟებს ჩინეთსა და ამერიკას შორის დამატებითი გადასახადის დადებაზე, არსებობს საფუძვლიანი მოლოდინი, რომ დღევანდელი სავაჭრო სესიები ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგით დასრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები