Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ირანის სამშვიდობო მოლაპარაკების ფარგლებში, კატარელი შუამავლები ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩისთან, ხოლო ამერიკულ მხარესთან ცალკე შეხვედრებს ორშაბათს და სამშაბათს გამართავენ.
როგორც ირკვევა, დისკუსიის მთავარი თემა ირანის 7-დღიანი სამშვიდობო წინადადების კორექტირებული ვერსია იქნება, რომელიც თეირანმა გასულ კვირას, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში წარადგინა. მართალია, აღნიშნულ წინადადებაზე პრეზიდენტმა ტრამპმა უარის განაცხადა, თუმცა, როგორც ჩანს, მის შესახებ მსჯელობა მაინც მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი გენერალური ასამბლეის დასრულების შემდეგ კვლავ ნიუ-იორკში რჩება. ამ ეტაპზე უცნობია, ვინ წარადგენს ვაშინგტონს შუამავლებთან დაგეგმილ დიპლომატიურ პროცესში.
თეირანის მიერ მომზადებული 7-დღიანი გეგმა ირანსა და ლიბანში საბრძოლო მოქმედებების სრულ შეწყვეტას, გაყინული მილიარდობით დოლარის აქტივების განბლოკვას, ირანულ ნავთობზე სანქციების მოხსნასა და ირანის პორტებზე აშშ-ის ბლოკადის გაუქმებას ითვალისწინებს. აღნიშნული პირობების შესრულების სანაცვლოდ, თეირანი ჰორმუზის სრუტის გახსნისა და ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების განახლების მზადყოფნას გამოთქვამს.
























