2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ეკონომიკაში განხორციელებული ამერიკული ინვესტიციების მოცულობა 36.9%-ით 52.1 მილიონ დოლარამდე შემცირდა. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, პირველ კვარტალში აშშ-დან ჩადებული FDI-მა 33 მილიონ 242 ათასი დოლარი შეადგინა, II კვარტალში კი 18 მილიონ 888 ათასი დოლარი იყო. კვარტალურ ჭრილშიც ინვესტიციები შემცირებულია [2023 წლის I კვარტალი $59.2 მლნ; II კვარტალი - $23.4 მლნ].
საქართველოს ეკონომიკაში II კვარტალში FDI-ის სახით 574 მლნ დოლარი ჩაიდო. განხორციელებული ინვესტიციების მოცულობით ქვეყნების რეიტინგში კი აშშ-ს მეშვიდე ადგილი უკავია. BMG-მ საქსტატიდან გამოითხოვა ეკონომიკის სექტორები და კომპანიები, სადაც აპრილ - ივნისში ამერიკული FDI ჩაიდო.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან მიღებული მონაცემებიდან ირკვევა, რომ მეორე კვარტალში ამერიკიდან ყველაზე დიდი თანხა უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩაიდო. აშშ-დან განხორციელებული ინვესტიციების მოცულობის მიხედვით უმსხვილესი სექტორების რეიტინგი ასეთია:
- უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - $7.4 მლნ;
- განათლება - $3.8 მლნ;
- სხვა სახის მომსახურება - $3.3 მლნ;
- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - $1.9 მლნ;
- ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები - $1.3 მლნ
შედარებით მცირე ინვესტიციები ამ პერიოდში ინფორმაცია და კომუნიკაციაში, საფინანსო და სადაზღვევო სექტორში, საბითუმო და საცალო ვაჭრობაში, ხელოვნებასა და გართობა-დასვენებაში ჩაიდო.
TOP-5 კომპანიის ჩამონათვალი, რომლებშიც 2024 წლის II კვარტალში ამერიკული ინვესტიცია ჩაიდო, ასეთია:
- შპს ეპამ სისტემს (ჯორჯია)
- შპს აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია
- ისტ-უესტ მენეჯმენტ ინსტიტუტ, ინკ.-ის წარმომადგენლობა საქართველოში
- სს დარიალ ენერჯი
- საგარეო საკითხებისათვის მოქალაქეთა ქსელის ფილიალი-CNFA საქართველო
საწარმოები რეიტინგის მიხედვით არ არის დალაგებული.