ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წინაშე არსებული ფინანსური ვალდებულებები მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში დაფაროს. როგორც გაეროში შტატების ელჩმა, მაიკლ უოლცმა განაცხადა, თანხის პირველი ნაწილი ორგანიზაციას რამდენიმე დღეში გადაეცემა. ცნობისთვის, ტრამპის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის განცხადება, რომლის თანახმადაც გაერო ზაფხულისთვის ფინანსური კოლაფსის წინაშე დადგებოდა, თუ შეერთებული შტატები ორგანიზაციის წინაშე არსებულ ფინანსურ ვალდებულებას არ შეიტანდა.
ვალდებულებაში იგულისხმება ის თანხები, რაც აშშ-ს, როგორც გაეროს წევრს საწევროს სახით, საერთო ბიუჯეტში უნდა შეეტანა, თუმცა ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ გაიყინა. საუბარია $2.19 მილიარდ დოლარზე. აღსანიშნავია, რომ შტატებს ფინანსური ვალდებულებები სამშვიდობო მისიებისა და საერთაშორისო ტრიბუნალების წინაშეც აქვს.
მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ შტატების ხელისუფლებამ გაეროს წინაშე არსებული ფინანსური ვალდებულებების გასტუმრების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ოფიციალურმა ვაშინგტონმა ორგანიზაციის ხელმძღვანელობა გაეროს ფინანსურ რესტრუქტურირებაზე დაითანხმა. მსგავსი ნაბიჯებით პრეზიდენტის ადმინისტრაციას სურს, შეამციროს ორგანიზაციის მრავალფეროვანი ხარჯები და მის ძირითად მისიად მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვა აქციოს. შეგახსენებთ, ტრამპმა ჯერ კიდევ 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიისას არაერთხელ თქვა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ, როგორც მსოფლიო სახელმწიფოების უდიდესმა გაერთიანებამ რეალური ფუნქცია დაკარგა და ამერიკელი ხალხის ფულს ბიუროკრატიის გაზრდაში, ასევე “რადიკალური მემარცხენე, ვოუქ იდეოლოგიისა” და მწვანე პოლიტიკის გატარებაში ხარჯავდა. სავარაუდოა, რომ მომავალ თვეებში გაერო შეამცირებს მის დაქვემდებარებაში არსებულ სააგენტოებს, მათ შორის მათ, რომლებიც კლიმატის გამოწვევებსა და ჰუმანიტარულ საკითხებზე მუშაობენ.




























