აშშ ჰორმუზის სრუტეში მოძრავი გემების დაზღვევასა და სამხედრო დაცვას უზრუნველყოფს. ეს ინფორმაცია პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააჟღერა და გადაწყვეტილება ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივი ბლოკირებით ახსნა. მან აშშ-ის განვითარების ფინანსურ კორპორაციას დაავალა, უზრუნველყოს ფინანსური გარანტიები ყველა საზღვაო გადამზიდავისთვის. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, არ გამორიცხა, რომ ხომალდების ფიზიკურ დაცვაზე პასუხისმგებლობა ამერიკულმა სამხედრო ხომალდებმა აიღონ.
შეგახსენებთ, რომ ირანის მიერ ენერგორესურსების გატარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კვანძის ჩაკეტვით ნავთობისა და გაზის ფასები მთელ მსოფლიოში მკვეთრად, საშუალოდ, 15%-ით გაიზარდა. მართალია, ეს მოცემულობა ამერიკას პირდაპირ არ უქმნის პრობლემას, რადგან ის სპარსეთის ყურის სახელმწიფოებზე ნაკლებადაა დამოკიდებული, თუმცა გლობალური ფასების ზრდა შტატებს ინფლაციურ რისკებს უქმნის, ეს კი შუალედური არჩევნების მოახლოების ფონზე ტრამპის ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევა შეიძლება გახდეს.




























