მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-მა ჰორმუზის სრუტესთან ირანული ობიექტები დაბომბა

ირანის ომი

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჰორმუზის სრუტის მიმდებარედ ირანულ სამხედრო ობიექტებზე საჰაერო იერიში მიიტანა. არსებული ინფორმაციით, სამხედროებმა ოთხშაბათს გამთენიისას 80-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს. ვაშინგტონმა თეირანისთვის ნავთობის ექსპორტზე დაწესებული დროებითი შეღავათებიც გააუქმა, რის გამოც ირანულმა მხარემ აშშ სამშვიდობო შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.

საჰაერო თავდასხმის სამიზნე ირანული რაკეტების გამშვები პუნქტები, საჰაერო თავდაცვის სისტემები და სანაპირო მეთვალყურეობის ინფრასტრუქტურა გახდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქებების სერია კუნძულ ქეშმზე, ასევე ქალაქებში - სირიკსა და ბანდარ-აბასში დაფიქსირდა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განმარტებით, ეს ოპერაცია სამ კომერციულ გემზე სამშაბათს განხორციელებულ თავდასხმებზე საპასუხო ნაბიჯი იყო. ცნობისთვის, სრუტეში გამავალ ტანკერებს შორის, რომლებზეც ირანმა შეტევა მიიტანა, კატარის თხევადი ბუნებრივი აირის გადამზიდი ხომალდიც იყო. ამერიკელი სამხედროების განცხადებით, ირანის მხრიდან გამოვლენილი აგრესია გაუმართლებელი და სახიფათო იყო და ის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს აშკარად არღვევდა.

პარალელურად, თეირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში განთავსებულ აშშ-ის სამხედრო ბაზებზე საპასუხო იერიშები მიიტანა. „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებით, იერიშის სამიზნე 85 ობიექტი გახდა. ორივე ქვეყანაში საჰაერო განგაშის სირენები ჩაირთო. ქუვეითის არმიის განცხადებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა მტრული სარაკეტო და დრონების იერიშები მოიგერიეს. ამ ეტაპზე ინფრასტრუქტურის დაზიანება ან მსხვერპლი არ დასტურდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები