მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ირანის ბირთვული მოლაპარაკებების მე-3 რაუნდი ხუთშაბათს, ჟენევაში გაიმართება

სტივ უიტკოფი და აბას არაღჩი

ხუთშაბათს, 26 თებერვალს ჟენევაში აშშ-სა და ირანს შორის ბირთვული მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართება. ახლო აღმოსავლეთში ამერიკის სამხედრო და საზღვაო ძალების უპრეცედენტო კონცენტრაციის ფონზე, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეირანს პირდაპირი ულტიმატუმი წაუყენა და განაცხადა, რომ შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში "ძალიან ცუდი რამ მოხდება".

ოფიციალურ ვაშინგტონს სურს, მასიური სამხედრო წნეხის პირობებში ირანი სტრატეგიულ დათმობებზე წაიყვანოს და ბირთვულ პროგრამაზე საბოლოოდ ათქმევინოს უარი. თუმცა ტრამპის ადმინისტრაციის მიზნად კვლავ რჩება დანარჩენი ორი საკითხის გარკვევაც. ესენია სარაკეტო, ბალისტიკური არსენალის მკვეთრი შემცირება და რეგიონული ტერორისტული დაჯგუფებების დაფინანსების შეზღუდვასა.

თავის მხრივ, ირანის ხელისუფლება, რომელიც უმძიმესი ეკონომიკური სანქციების ქვეშ იმყოფება, გარკვეულ დათმობებზე წასვლას არ გამორიცხავს. არსებული ინფორმაციით, თეირანი თანახმაა, მაღალი კონცენტრაციით გამდიდრებული ურანის მარაგების ნახევარი საზღვარგარეთ გაიტანოს, ხოლო დარჩენილ ნაწილს ისე შეუცვალოს ქიმიური სტრუქტურა, რომ მათი გამოყენება ატომური ბომბის შექმნისთვის ვეღარ გახდეს შესაძლებელი. სანაცვლოდ, ირანი ეკონომიკური ბლოკადის მოხსნას ითხოვს. ეს დათმობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ფონზე, როცა, ამერიკული მხარის ცნობით, ირანს ურანი უკვე 60%-მდე აქვს გამდიდრებული და სამხედრო დანიშნულების ბირთვული მასალის შექმნამდე ერთი კვირა აშორებს. შეგახსენებთ, ვაშინგტონისთვის ირანის ტერიტორიაზე ურანის ნებისმიერი ფორმითა თუ მიზნით გამდიდრება კატეგორიულად მიუღებელია.

აღსანიშნავია, რომ დიპლომატიური პროცესი ირანის შიგნით არსებული უმძიმესი ეკონომიკური კრიზისისა და გარე სამხედრო დარტყმების ფონზე მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც ივნისში აშშ-მა და ისრაელმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე მიზანმიმართული იერიშები მიიტანეს და ინფრასტრუქტურა დააზიანეს, თეირანის სტრატეგიული პოზიციები მკვეთრად შესუსტდა. აქვე უნდა ითქვას, რომ მოლაპარაკებებისა და რეგიონში სამხედრო ძალების გადასროლის ფონზე თეთრმა სახლმა ირანის ემიგრირებულ ოპოზიციასთან, ასევე შაჰის მემკვიდრე რეზა ფეჰლევთან აქტიური კონსულტაციები დაიწყო. ეს კი, ანალიტიკოსების შეფასებით, მიუთითებს იმაზე, რომ პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში, ვაშინგტონი თეირანში რეჟიმსაც შეცვლის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები