ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში 11 თებერვალს შეხვდება.
ისრაელის ლიდერის ვიზიტი ვაშინგტონში 18 თებერვლისთვის იყო ჩანიშნული, თუმცა აშშ-ირანის მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე ნეთანიაჰუმ ტრამპთან პირისპირ შეხვედრა სწორედ ოთხშაბათისთვის ითხოვა და ადმინისტრაციისაგან თანხმობა მიიღო. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში აცხადებენ, რომ თუ ორი ქვეყანა სამშვიდობო შეთანხმებას დადებს და ომს თავიდან აიცილებს, ის უნდა შეიცავდეს კონკრეტულ დათქმებს როგორც ბირთვულ პროგრამაზე, ისე სარაკეტო არსენალის რაოდენობაზე და რეგიონული მოკავშირეებისთვის დახმარების გაგრძელებაზე.
ისრაელი მოლაპარაკებების მიმდინარეობით განსაკუთრებითაა დაინტერესებული, რადგან ირანი ამერიკის მთავარ მოკავშირედ რეგიონში სწორედ მას მიიჩნევს და აცხადებს ერთადერთ სახელმწიფოდ, რომელზე შეტევასაც მიზანმიმართულად მიიტანს, თუ შტატები ომს დაიწყებს.
ცნობისთვის, ოფიციალური თეირანი იერიშებს არც მეზობელ არაბულ სახელმწიფოებზე გამორიცხავს, თუმცა ცალსახად აცხადებს, რომ ასეთი დარტყმები მხოლოდ მათ ტერიტორიებზე განთავსებული ამერიკული ბაზებით შემოიფარგლება.
უცნობია, რაზე აპირებენ ტრამპი და ნეთანიაჰუ მოლაპარაკებას, თუმცა სავარაუდოა, რომ განხილვის თემა იქნება კოორდინირებული მოქმედება იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებები ჩაიშლება და მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ. შეგახსენებთ, შტატები ირანისაგან ურანის გამდიდრების შეწყვეტას, სარაკეტო არსენალის, მათ შორის ბალისტიკური რაკეტების რაოდენობის შემცირებას, ასევე ახლო აღმოსავლეთში არსებული მოკავშირე ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერის შეწყვეტას ითხოვს. რაც შეეხება მეორე მხარეს, ოფიციალური თეირანი მიიჩნევს, რომ ურანის გამდიდრება მისი სრულფასოვანი უფლებაა და ეს არცერთმა სახელმწიფო არ უნდა შეზღუდოს. თუმცა თუ შტატები ქვეყანას სანქციებს შეუმცირებს, ირანის ხელისუფლება პასუხისმგებლობას აიღებს, რომ ბირთვული იარაღი არ შექმნას. რაც შეეხება სარაკეტო არსენალსა და მოკავშირე დაჯგუფებების დაფინანსებას, ამ მხრივ ამჟამად ოფიციალური თეირანი შეუვალია და უკან დახევას არ აპირებს.
ორი ქვეყნის დიპლომატიურ დელეგაციებს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებები ომანის დედაქალაქ მუსკატში გასული კვირის ბოლოს უკვე გაიმართა და სამომავლო შეხვედრებიც დაანონსდა, თუმცა მხარეებს იმის თქმა უჭირთ, რამდენად შედეგიანად დასრულდება კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტის ეს მცდელობა.



























