ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთში ბაზირებულ მსხვილ ნავთობგადასამუშავებელ ქარხანასა და დაახლოებით 40 გადამზიდავ კომპანიასა და ტანკერს, რომლებიც ირანული ნავთობის ტრანსპორტირებაში არიან ჩართულნი, ეკონომიკურ სანქციებს უწესებს.
ეს ნაბიჯი ასრულებს ტრამპის მუქარას იმ კომპანიებისა და ქვეყნებისთვის მეორადი სანქციების დაწესების შესახებ, რომლებიც ირანთან ბიზნესს აწარმოებენ. ეს ასევე მისი რესპუბლიკური ადმინისტრაციის გაძლიერებული კამპანიის ნაწილია, რომლის მიზანიც ირანისთვის შემოსავლის მთავარი წყაროს - ნავთობის ექსპორტის გადაკეტვაა.
სანქციები, რომლებიც კომპანიებს აშშ-ის ფინანსური სისტემისგან წყვეტს და სჯის ნებისმიერ პირს, ვინც მათთან ბიზნესს აწარმოებს, ძალაში პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის ჩინეთში დაგეგმილ შეხვედრამდე სულ რაღაც რამდენიმე კვირით ადრე შედის.
პარასკევს გამოცხადებულ სანქცირებულთა სიაში საპორტო ქალაქ დალიანში მდებარე კომპანია Hengli Petrochemical-ის ობიექტი მოხვდა, რომელსაც დღეში დაახლოებით 400 000 ბარელი ნედლი ნავთობის გადამუშავება შეუძლია, რაც მას ჩინეთში ერთ-ერთ უდიდეს დამოუკიდებელ ნავთობგადმმუშავებელ ქარხნად აქცევს.
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის განცხადებით, Hengli ირანულ ნედლ ნავთობს 2023 წლიდან იღებს და ირანის არმიისთვის ასობით მილიონი დოლარის შემოსავალი აქვს გენერირებული.
ჩინეთი ირანული ნავთობის უმსხვილესი მყიდველია - ირანში ომის დაწყებამდე, ის ირანული ნავთობის 80-90%-ის იმპორტს ახორციელებდა. მიუხედავად ამისა, ნედლი ნავთობის (რომელიც გემების ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტით გადაიზიდება) წარმომავლობა ხშირად დაფარულია და ის ჩინეთში სხვა ქვეყნებიდან, მაგალითად, მალაიზიიდან შემოსული ნავთობის სტატუსით აღწევს.
ირანულ ნავთობს, როგორც წესი, მცირე ზომის დამოუკიდებელი ქარხნები (ცნობილი როგორც „ჩაიდნები“ - teapot refineries) ყიდულობენ.
ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა პარასკევს განაცხადა, რომ მისი უწყება "გააგრძელებს იმ გემების, შუამავლებისა და მყიდველების ქსელის შეზღუდვას, რომლებზეც ირანი გლობალურ ბაზრებზე ნავთობის გასატანად არის დამოკიდებული".




























