აშშ-ის ავიაციის ფედერალურმა ადმინისტრაციამ (FAA) წარადგინა წინადადება, რომელიც Boeing-ის 3.1 მლნ დოლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს. მიზეზი კომპანიის მხრიდან უსაფრთხოების წესების დარღვევაა.
როგორც Reuters-ი წერს, მათ შორის განიხილება 2024 წელს Alaska Airlines-ის შემთხვევაც. გასული წლის იანვარში Alaska Airlines-ის Boeing 737 MAX-9 თვითმფრინავმა, რომელიც პორტლენდიდან ონტარიოში უნდა ჩასულიყო, 4 876 მეტრის სიმაღლეზე ფრენისას კორპუსის ნაწილი დაკარგა. ამის შემდეგ FAA-მ Boeing-ის 737 MAX-9-ის უმეტეს ნაწილს რეისების შესრულება აუკრძალა. მოგვიანებით სააგენტომ თვითმფრინავებს ფრენის უფლება აღუდგინა, მაგრამ გარკვეული შეზღუდვებით.
სახელმწიფო რეგულატორის განცხადებით, ბოლო პერიოდში Boeing-მა სერტიფიცირებისთვის ორი ახალი ხომალდი წარუდგინა, რომლებმაც შემოწმების შედეგად გარკვეული წესები ვერ დააკმაყოფილეს. თავის მხრივ კომპანიას 30 დღე აქვს ჯარიმაზე რეაგირებისთვის, Boeing-ის განცხადებით, განიხილავენ ჯარიმის საკითხს და უსაფრთხოებისა და ანგარიშვალდებულების კუთხით მუშაობის გაძლიერებას გეგმავენ.




























