მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის ბაზარი VS ირანთან ბიზნესურთიერთობა - ვის ემუქრება ტრამპის 25%-იანი ტარიფი?

ტრამპი - აითოლა

დონალდ ტრამპის მიერ 2026 წლის 12 იანვარს გაჟღერებული გადაწყვეტილება, რომელიც ირანთან სავაჭრო ურთიერთობების მქონე ქვეყნებისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებთან ვაჭრობისას 25%-იანი ტარიფის დაწესებას გულისხმობს, გლობალური ეკონომიკური და პოლიტიკური წესრიგისთვის ახალ, კრიტიკულ ფაზას წარმოადგენს. აღნიშნული ნაბიჯი პირდაპირ არის დაკავშირებული თეირანში მიმდინარე მასშტაბურ ანტისამთავრობო პროტესტებთან და თეთრი სახლის სურვილთან, მაქსიმალურად გაზარდოს ეკონომიკური წნეხი ისლამურ რესპუბლიკაზე.

ტრამპმა განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ბრძანება არის საბოლოო და დაუყოვნებლივ შედის ძალაში, რაც ნიშნავს, რომ მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს ირანთან ეკონომიკურ სარგებელსა და ამერიკულ ბაზარზე შეუფერხებელ წვდომას შორის არჩევანის გაკეთება მოუწევთ.

ტრამპის ადმინისტრაციის სტრატეგია მიზნად ისახავს ირანის სრულ ფინანსურ იზოლაციას, რაც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს როგორც აზიურ გიგანტებზე, ისე ევროპულ და ახლო აღმოსავლურ ეკონომიკებზე.

ახალი სანქციების მთავარი ადრესატი უდავოდ ჩინეთია, რომელიც წლებია ირანის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორისა და ენერგეტიკული გარანტის როლს ასრულებს. 2022 წლის მონაცემებით, ჩინეთში ირანის ექსპორტის მოცულობამ 22 მილიარდ დოლარს მიაღწია, სადაც ნახევარზე მეტი სწორედ საწვავსა და ნავთობპროდუქტებზე მოდიოდა.

2025 წლისთვის ირანის მიერ ექსპორტირებული ნავთობის 80%-ზე მეტი სწორედ ჩინეთმა შეიძინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩინეთი თეირანს არსებობისთვის აუცილებელ ვალუტას აწვდიდა.

რაც შეეხება იმპორტს, ჩინეთი ირანის იმპორტის თითქმის 29%-ს აკონტროლებს და თეირანს აწვდის ყველაფერს დაწყებული მძიმე ტექნიკიდან და ელექტრონიკიდან, სატრანსპორტო საშუალებებით დამთავრებული.

ჩინეთისთვის 25%-იანი ამერიკული ტარიფი ეგზისტენციალური ეკონომიკური საფრთხეა, რადგან ამერიკაში ჩინური პროდუქციის ექსპორტი მკვეთრად აღემატება ირანთან ვაჭრობის სარგებელს. პეკინს მოუწევს გადაწყვიტოს, დათმოს თუ არა სტრატეგიული პარტნიორობა თეირანთან საკუთარი ექსპორტის გადასარჩენად. ერთი რამ ფაქტია, რომ ამერიკული ბაზრის დაკარგვა ან ექსპორტის გაძვირება ჩინეთის ეკონომიკისთვის ბევრად უფრო მტკივნეული იქნება, ვიდრე ირანთან ვაჭრობის შემცირება.

ჩინეთის შემდეგ ყველაზე დიდ დარტყმას თურქეთი და ინდოეთი მიიღებენ. თურქეთს ირანთან მჭიდრო სავაჭრო ბალანსი აქვს, სადაც ექსპორტ-იმპორტის ჯამური მაჩვენებელი წლიურად 12 მილიარდ დოლარს აღწევს. უფრო კონკრეტულად - მსოფლიო ბანკის თანახმად, 2022 წელს ირანის ექსპორტი თურქეთში 5,8 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, იმპორტმა კი 6,1 მილიარდი დოლარი შეადგინა.

თურქეთი ირანისთვის ერთგვარი ფანჯარაა დასავლურ საქონელზე, ხოლო ანკარისთვის ირანული ენერგორესურსები კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება ინდოეთს, მიუხედავად იმისა, რომ 2025 წლის პირველ ათ თვეში ორმხრივი ვაჭრობა მხოლოდ 1.34 მილიარდ დოლარს შეადგენდა, მისი შინაარსი უფრო მეტად სტრატეგიულია. ინდოეთი ირანს ბრინჯით, ხილით, ბოსტნეულითა და რაც მთავარია, ფარმაცევტული პროდუქციით ამარაგებს. ახალი ტარიფები თეირანისთვის ჰუმანიტარული და კვების პროდუქტების მიწოდების შეფერხებას ნიშნავს, რაც როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, რეგიონულ გეოპოლიტიკურ ბალანსს მკვეთრად შეცვლის.

შედარებით მსუბუქად, თუმცა ტარიფების მუქარა გერმანიაზე, იაპონიასა და სამხრეთ კორეაზეც ვრცელდება. გერმანია, რომლის იმპორტმა ირანში 2022 წელს 1.9 მილიარდი დოლარი შეადგინა, ექსპორტი კი 178 მილიონ დოლარს გაუტოლდა - ევროპაში ირანის ტექნოლოგიურ მომწოდებლად ითვლება.

რაც შეეხება სამხრეთ კორეას, ირანთან ქვეყნის სავაჭრო ბრუნვა მინიმუმამდეა დაყვანილი. ირანში კორეული პროდუქციის ექსპორტმა - 2025 წელს 129 მილიონი დოლარი შეადგინა, იმპორტმა კი სულ რაღაც $1.6 მილიონი.

ირანთან მინიმალური სავაჭრო ურთიერთობა აქვს იაპონიასაც. იაპონიის უახლესი სავაჭრო მონაცემების მიხედვით, რომლებიც 2025 წლის ნოემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, ქვეყანას ირანიდან მცირე რაოდენობით ხილი, ბოსტნეული და ტექსტილი შემოაქვს, ხოლო საპასუხოდ ირანში გარკვეული სახის მანქანა-დანადგარებისა და ავტომობილის ძრავების ექსპორტს ახორციელებს.

იაპონიასა და სამხრეთ კორეისთვის ამერიკულ ბაზარზე 25%-იანი ბარიერის აღმართვა იმდენად დამანგრეველი იქნება, რომ ისინი, სავარაუდოდ, ირანთან დარჩენილ მცირე სავაჭრო კავშირებსაც სრულად გაწყვეტენ.

ირანთან სავაჭრო ურთიერთობები საქართველოსაც აქვს. 2025 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, ირანთან სავაჭრო ბრუნვა $262.7 მილიონია. წლიურ ჭრილში ამ სახელმწიფოსთან ექსპორტ-იმპორტი 11.6%-ით შემცირდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველო-ირანის სავაჭრო სალდო უარყოფითია და ვაჭრობაში დიდ ძირითად ნაწილს იმპორტი იკავებს, ანუ საქართველო იმაზე მეტ საქონელს ყიდულობს ირანში, ვიდრე ყიდის.

ირანთან სავაჭრო ბრუნვამ ისტორიულ მაქსიმუმს 2024 წელს მიაღწია და $322 მლნ შეადგინა, რაც წლის ჭრილში 18.8%-იან ზრდას წარმოადგენდა.

322 მილიონი დოლარი საქართველოს მასშტაბისთვის არ არის მინიმალური რიცხვი, თუმცა გლობალურ კონტექსტში ის მცირე, მაგრამ სტრატეგიულად საგრძნობი წილია. საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ირანის წილი დაახლოებით 1.5%-ია. შედარებისთვის, ისეთი მსხვილი პარტნიორების წილი, როგორიცაა თურქეთი, რუსეთი ან ჩინეთი, გაცილებით მაღალია. თუმცა, ტარიფების საფრთხე საქართველოს შემთხვევაში, არა რიცხვების სიდიდეში, არამედ ვაჭრობის სტრუქტურასა და პოლიტიკურ რისკებშია.

ამერიკის პრეზიდენტის რადიკალური ზომების საფუძველი კომპლექსურია და მხოლოდ ეკონომიკური ფაქტორებით არ შემოიფარგლება. ირანში მიმდინარე პროტესტების, ეროვნული ვალუტის გაუფასურებისა და 40%-ს გადაცილებული ინფლაციის ფონზე, ვაშინგტონი თეირანის სრულ იზოლაციას ცდილობს. თეთრი სახლის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ ტარიფების მუქარა ირანის პარტნიორებს აიძულებს ზურგი აქციონ ისლამურ რესპუბლიკას. ეს კი ქვეყნის ბიუჯეტს საგარეო შემოსავლების გარეშე დატოვებს და რეჟიმს დათმობებზე წასვლის გარდა სხვა გზა არ დარჩება.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ პოლიტიკას თან სერიოზული გლობალური რისკებიც ახლავს. მათ შორის მიწოდების ჯაჭვების რღვევა და ინფლაციური ზეწოლა თავად აშშ-ის შიგნით, ვინაიდან ტარიფების ტვირთი საბოლოოდ ამერიკელ იმპორტიორებსა და მომხმარებლებს დააწვება.

ანალიტიკოსთა შეფასებით, ე.წ. „მეორადი ტარიფები“ საერთაშორისო ურთიერთობებში სახიფათო პრეცედენტს ქმნის, სადაც სავაჭრო პოლიტიკა მესამე ქვეყნის დასასჯელ იარაღად გამოიყენება. ამასთან, ირანზე გაზრდილმა წნეხმა შესაძლოა რეგიონული დესტაბილიზაცია გამოიწვიოს, იმ შემთხვევაში თუ თეირანი ჩათვლის, რომ დიპლომატიური რესურსი ამოწურულია.

ტრამპის გადაწყვეტილება უპრეცედენტო ეკონომიკური ულტიმატუმია, რომლის შედეგებიც უახლოეს კვირებში მსოფლიო ბაზრებისა და დიპლომატიური დღის წესრიგის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები