მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის ბაზაზე განხორციელებული თავდასხმები რეგიონში ფართო კონფლიქტის საფრთხეებს ზრდის

ირანი

ჰამასის მიერ 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა. ტერორისტული აქტი მალე სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა, რომელმაც მთელი ღაზის სექტორი მოიცვა და მის დასრულებას ჯერაც არ უჩანს პირი.

თავისი არსით, ჰამასი ტერორისტული დაჯგუფებაა, რომელიც ისრაელის მოსპობას ისახავს მიზნად, თუმცა თავად ამ დაჯგუფების მიღმა ირანის ხელისუფლება დგას, რომელიც რეგიონში ტერორიზმის მთავარი მხარდამჭერია.

უშუალოდ ირანის ჩართულობით, ტერორისტულმა დაჯგუფებებმა რეგიონის მასშტაბით ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს, თუმცა გუშინ ისეთი რამ მოხდა, რამაც, შესაძლოა, რეგიონული კონფლიქტი ფართომასშტაბიან ომად აქციოს. როგორც ირკვევა, ირანთან დაკავშირებულმა ძალებმა გუშინ იერიში მიიტანეს იორდანიისა და სირიის საზღვარზე არსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზაზე. საჰაერო თავდასხმის შედეგად, დაშავდა 30-მდე ამერიკელი, 3 მათგანი კი გარდაიცვალა.

აქამდე ირანის მარიონეტული ძალები ამერიკასთან უშუალო კონფრონტაციას ერიდებოდნენ, რადგან ამ ომში ვაშინგტონის პირდაპირი ჩართვა თეირანის ინტერესებში არ შედის. თუმცა მოსახდენი მოხდა და 3 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახლა უკვე ამერიკის ხელისუფლებას აქვს ყველა ლეგიტიმური საფუძველი იმისათვის, რომ ირანის წინააღმდეგ დისპროპორციული ძალა გამოიყენოს და თეირანზე პირდაპირი შეტევაც კი განახორციელოს.

პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან პრეზიდენტ ბაიდენზე ზეწოლა უკვე სერიოზულად იზრდება, რადგან, როგორც ისტორია გვიჩვენებს, ამერიკა თავისი მოქალაქეების სისხლს არავის პატიობს, ბაიდენმა კი უახლოეს მომავალში ამ თავდასხმის საპასუხო ზომები უნდა მოიფიქროს.

ცხადია, ამ მოცემულობას ირანის ხელისუფლებაც აცნობიერებს, რომელმაც განაცხადა, რომ ირანი ომისთვის მზად არის. მართალია, ოფიციალურ თეირანს არ დაუკონკრეტებია, თუ ვისთან ომისთვის ემზადება ის, თუმცა აქ შეგვიძლია სწორედ ამერიკა და ისრაელი მოვიაზროთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები