ვაშინგტონის ფედერალურმა სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით დაწყებული თეთრი სახლის ახალი დარბაზის მშენებლობის პროცესი დროებით დაბლოკა.
მოსამართლე რიჩარდ ლეონის გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციასა და პრეზიდენტის აღმასრულებელ ოფისს აეკრძალათ ნებისმიერი ქმედება, რომელიც აღმოსავლეთ ფრთის ყოფილ ტერიტორიაზე $400 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტის განვითარებას ისახავს მიზნად.
მოსამართლემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრეზიდენტი თეთრი სახლის მმართველია და არა მისი მფლობელი, ამიტომ კონგრესის მხრიდან პროექტის საკანონმდებლო დონეზე დამტკიცებამდე სამუშაოები აუცილებლად უნდა შეჩერდეს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სასამართლოს განჩინება ძალაში 14 დღეში შევა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაციას აღნიშნული ვერდიქტის გასაჩივრებისთვის დროს ექნება.
როგორც ირკვევა, აღნიშნული დავა ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იმ სარჩელის საფუძველზე დაიწყო, რომელიც ეროვნული პარკების სამსახურისა და სხვა უწყებების წინააღმდეგ იყო მიმართული. სასამართლოს განმარტებით, პრეზიდენტს ნებისმიერ დროს შეუძლია მიმართოს საკანონმდებლო ორგანოს შესაბამისი ავტორიზაციის მისაღებად, რაც პროექტის კერძო თუ საბიუჯეტო სახსრებით დაფინანსების საკითხს ლეგიტიმურს გახდის. აღსანიშნავია, რომ მოსამართლე ლეონმა ადმინისტრაცია მკაცრად გააფრთხილა. მისი თქმით, ნებისმიერი მიწისზედა კონსტრუქცია, რომელიც მომდევნო ორი კვირის განმავლობაში აშენდება, დემონტაჟს დაექვემდებარება. მოსამართლის განმარტებით, მიღებული გადაწყვეტილება კონგრესს სახელმწიფო საკუთრებასა და საბიუჯეტო ხარჯებზე ზედამხედველობის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას შეუნარჩუნებს.
ცნობისთვის, პროექტის ფარგლებში $400 მილიონი დოლარის ღირებულების მასშტაბური დარბაზის მშენებლობა თეთრი სახლის აღმოსავლეთ ფრთის ადგილზე იგეგმებოდა. აღნიშნული მონაკვეთი ამ დროისთვის უკვე დანგრეულია და ადმინისტრაცია მშენებლობის აქტიური ფაზის დაწყებისთვის ემზადებოდა. სავარაუდოა, რომ სასამართლო დავა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოები აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით საერთო კონსენსუსს არ მიაღწევენ.




























