მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა

63621aab619bd
გიორგი თოლორდავა
02.11.22 22:00
1023
მკვეთრად გაზრდილი ინფლაციის ფონზე, აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა. FED-ის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 75 საბაზო პუნქტით (0.75%) გაიზარდა.

გამკაცრების შედეგად, ფედერალური რეზერვის ძირითადი განაკვეთები 3.75-4.0%-ის ფარგლებში განისაზღვრა, რაც ამერიკული სტანდარტებით უჩვეულიდ მაღალი მაჩვენებელია.

საგულისხმოა, რომ რეფინანსირების განაკვეთი აშშ-ში FED-ის წინა შეხვედრებზეც გაიზარდა 75-75 საბაზო პუნქტებით - მონეტარული პოლიტიკის მსგავსი ტემპითა და სიხისტით გამკაცრების გადაწყვეტილება FED-ს 1994 წლის შემდეგ არ მიუღია.

FED-ის ხელმძღვანელ ჯერომ პაუელის განმარტებით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება გარდაუვალი იყო, რადგან ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების ზრდის დონე მნიშვნელოვნად გასცდა FED-ის მიერ განსაზღვრულ სამიზნე მაჩვენებელს.

შეგახსენებთ, რომ სექტემბერში წლიურმა ინფლაციის დონემ 8.2% შეადგინა, რაც 0.1 პპ-ით აღემატება ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელს.

სტატისტიკის ფედერალური ბიუროს ინფორმაციით, საბაზო ინფლაციის ინდექსი (CPI), რომელიც არ ითვალისწინებს ენერგორესურსებისა და სურსათის ფასებს, ერთწლიან ჭრილში 6.6%-ითაა გაზრდილი და ამჟამად 1982 წელის შემდეგ დაფიქსირებულ უმაღლეს ნიშნულს აღწევს, რაც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ძირითად საფუძველს წარმოადგენს.

აგრესიული გამკაცრების პოლიტიკა, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე გაგრძელდება. ექსპერტთა ნაწილი ვარაუდობს, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში ფედერალური რეზერვი კიდევ ერთხელ მიიღებს განაკვეთის ზრდის გადაწყვეტილებას, საორიენტაციო მაჩვენებლად კი 75 – 100 საბაზო პუნქტი განიხილება.

მოსალოდნელია, რომ რეფინანსირების განაკვეთმა წლის ბოლომდე 5%-იან ნიშნულს მიაღწიოს, რაც 1980 წლის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მკაცრი მონეტარული პოლიტიკა იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები