ვალენტინობის დღეს დიდ ბრიტანეთში საჭმლის მიტანის პლატფორმის კურიერები მასშტაბურ გაფიცვას მოაწყობენ, რომლის მიზანიც უკეთესი ხელფასისა და გაუმჯობესებული სამუშაო პირობების მოთხოვნაა - ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, საპროტესტო აქციას 4 აპლიკაციის, მათ შორის Uber Eats-ისა და Deliveroo-ს, 3000-მდე კურიერი შეუერთდება.
გაფიცვა კურიერთა ჯგუფმა დააორგანიზა, რომელთა მიზანიც იმ პრობლემებისადმი ყურადღების მიპყრობაა, რომლებსაც კურიერები ყოველდღიურ რეჟიმში აწყდებიან საკვებისა და პროდუქტების მომხმარებელთან მიწოდებისას.
“აუცილებელია, სამუშაოს რამდენიმე საათი მსხვერპლად გავიღოთ და ჩვენი უფლებების დაცვა მოვითხოვოთ, იმის ნაცვლად რომ განვაგრძოთ მუხლჩაუხრელი მუშაობა დაბალი ხელფასისთვის. ჩვენი მოთხოვნა მარტივია: გვინდა სამართლიანი ანაზღაურება სამუშაოსთვის, რომელსაც ვასრულებთ. დავიღალეთ ყოველდღიური ექსპლუატაციითა და ჩვენი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებით”, - ნათქვამია აქციის ორგანიზატორების Instagram გვერდზე.
Delivery Job UK აცხადებს, რომ კურიერებს გადაადგილება სიცივესა და წვიმიან ამინდში აბსურდულ დისტანციაზე უწევთ, ანაზღაურება კი “სასაცილოდ დაბალია”. მიწოდების ღირებულება ბრიტანეთში, საშუალოდ, 2.80 ფუნტიდან 3.15 ფუნტამდე მერყეობს.
კურიერთა და სატრანსპორტო სერვისების პროვაიდერ კომპანიათა მძღოლების გაფიცვა მხოლოდ ბრიტანეთით არ შემოიფარგლება და აშშ-ის მასშტაბით 130 000-მდე დასაქმებულს მოიცავს. ორგანიზატორების განცხადებით, სამგზავრო აპლიკაციებში დასაქმებული მძღოლები უარს აცხადებენ მგზავრი ქვეყნის 10 უმსხვილესი აეროპორტიდან აიყვანონ.