ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით სამგზავრო პლატფორმა Uber-ისა და Lyft-ისა და საკვების მიწოდების აპლიკაცია DoorDash-ის ათასობით მძღოლი ვალენტინობის დღეს სამართლიანი ხელფასის მოთხოვნით გაიფიცება.
მიუხედავად იმისა, რომ Lyft-ის ხელმძღვანელობამ გასულ კვირას მათთან დასაქმებულ მძღოლებს ყოველკვირეული ხელფასის გარანტია მისცა, რისი მიზანიც პლატფორმაზე კიდევ უფრო მეტი მძღოლის მოზიდვა იყო, დამოუკიდებელი კონტრაქტორები, იგივე მძღოლები, კომპანიას მაღალი საკომისიოს აღებაში ადანაშაულებენ.
“Justice for App Workers Coalition”-ის შეფასებით, რომელიც 100 000-ზე მეტი მძღოლის წარმომადგენელია, გაფიცვას ამერიკის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სახე ექნება. თუმცა Uber-ი აცხადებს, რომ მათი მძღოლების მხოლოდ მცირე ნაწილი აპირებს პროტესტში ჩართვას, რის გამოც ბიზნესი შეუფერხებლად იმუშავებს.
Uber-ის CEO-მ ასევე განაცხადა, რომ მეოთხე კვარტალში შეერთებულ შტატებში მძღოლები საათში $33-ს იღებდნენ. მართალია, მსგავსი აპლიკაციები ზოგისთვის სრულგანაკვეთიანი სამსახური არ არის, თუმცა სხვებისთვის სწორედ ესაა შემოსვლის მთავარი და ერთადერთი წყარო.
“ალგორითმული ფასწარმოქმნის ამოქმედებიდან ერთი წლის შემდეგ, მძღოლების ხელფასები მნიშვნელოვნად შემცირდა. რა ტიპის გამოთვლებსა და ალგორითმებსაც არ უნდა იყენებდნენ, მეთოდი აბსოლუტურად უსარგებლოა”, - აცხადებს სამგზავრო პლატფორმათა მძღოლების პროფკავშირების პრეზიდენტი, ნიკოლ მური.
Gridwise-ის ანალიტიკაზე დაყრდნობით, 2023 წელს Uber-ის მძღოლების ყოველთვიური შემოსავალი, საშუალოდ, 17.1%-ით შემცირდა, Lyft-ში დასაქმებული ადამიანების კი მცირედით - 2.5%-ით - გაიზარდა.