მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირის მთავარი ავტო სიახლეები

LONDON

კვირის მთავარ ავტო სიახლეებს წარმოგიდგენთ "თეგეტა"

რას მოიცავს Honda-სა და Nissan-ის ახალი პარტნიორობა?

Nissan-მა და Honda-მ ავტომობილების კომპიუტერული ნაწილებისა და პროგრამული უზრუნველყოფის ერთობლივად შემუშავების ოფიციალური შეთანხმება გააფორმეს. კომპანიები სტანდარტიზებულ ელექტრონულ მართვის ბლოკებსა და ინოვაციურ პროგრამულ უზრუნველყოფას გააზიარებენ. ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ტრანსპორტი ბაზარზე 2029 წელს გამოვა.

მხარეებს შორის მოლაპარაკებები 2024 წელს დაიწყო. კომპონენტების გაზიარება და ერთობლივი კვლევები საწარმოო ხარჯების შემცირებას, შემუშავების პროცესის დაჩქარებასა და მასშტაბის ეკონომიით ეფექტიანობის ზრდას ემსახურება. ექსპერტების აზრით, კონკურენტების გაერთიანება პირდაპირ უკავშირდება ჩინეთიდან მომავალ მზარდ ზეწოლას, რომელმაც იაპონურ ავტოინდუსტრიას გლობალურ ბაზარზე მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნა.

Honda-მ მომწოდებლებს ხარჯების $9.4 მილიარდით შემცირება მოსთხოვა

Honda-მ 2030 წლამდე ხარჯების $9.4 მილიარდით შემცირება გადაწყვიტა. ოპტიმიზაციის მიზნით, ავტომწარმოებელმა მომწოდებლებს ფასების დაკლება მოსთხოვა და სტანდარტიზებული დეტალების დანერგვას გეგმავს. ეს მკაცრი ზომები ჩინური ელექტრომობილების (მათ შორის, BYD-ის) მზარდ გლობალურ კონკურენციაზე პასუხია. ჩინური კომპანიები მოწინავე ტექნოლოგიებითა და ინდუსტრიაში ყველაზე დაბალი ფასებით იაპონურ კონცერნებს დიდ საფრთხეს უქმნიან.

მზარდი წნეხის ფონზე, Honda ელექტრომობილების სეგმენტში $12 მილიარდზე მეტ ზარალს პროგნოზირებს. ცნობისთვის, მიმდინარე წლის მაისში კომპანიამ ისტორიაში პირველი წლიური ზარალი უკვე დააფიქსირა.

Volkswagen-ი გერმანიაში ოთხი ქარხნის დახურვას გეგმავს

გერმანული საავტომობილო კონცერნის, Volkswagen-ის მმართველთა საბჭომ 2031-2034 წლებში ქვეყნის მასშტაბით ოთხი ქარხნის ეტაპობრივად დახურვის წინადადება წარადგინა. ამ ინიციატივის შესახებ ერთ-ერთი გერმანული გამოცემა სამეთვალყურეო საბჭოს შიდა დოკუმენტზე დაყრდნობით იტყობინება. გეგმის მიხედვით, ემდენისა და ცვიკაუს საწარმოებში წარმოება 2031 წელს შეწყდება. ამასთან, საწარმოო პროცესის შეჩერება 2032 წელს ჰანოვერის, 2034 წელს კი ნეკარსულმის ქარხნის დახურვით გაგრძელდება.

Tesla-მ ოსტინში რობოტაქსი Cybercab-ის კომერციული მომსახურება დაიწყო

Tesla-მ ტეხასის შტატში, ქალაქ ოსტინში, ორადგილიანი თვითმართვადი ავტომობილის — Cybercab-ის პირველი კომერციული, ფასიანი რეისები დაიწყო. საჭისა და სატერფულების გარეშე შექმნილი რობოტაქსის გამოყენების ნებართვა ამ ეტაპზე შტატში მხოლოდ 45 ერთეულზეა გაცემული. უსაფრთხოებას, 9 კამერა და ჭერში ჩაშენებული რადარი უზრუნველყოფს, ხოლო სალონის მულტიმედია Unreal Engine-ზე მუშაობს.
წარმოების პროცესში Tesla მოდულური აწყობის ახალ მეთოდს იყენებს, რაც საწარმოო ფართობს 50%-ით ამცირებს. ილონ მასკმა პროტოტიპი 2024 წლის ოქტომბერში წარადგინა, ხოლო სერიული წარმოება 2027 წლამდეა დაგეგმილი.

Uber-მა და Wayve-მა ლონდონში Ford Mustang-ის რობოტაქსები გააშვეს

Uber-მა და კომპანია Wayve-მა ლონდონში პირველი ავტონომიური სამგზავრო სერვისი გააშვეს. UberX-ის, Electric-ის ან Comfort-ის გამოძახებისას მომხმარებელთან შესაძლოა Wayve-ის ტექნოლოგიით აღჭურვილი Ford Mustang Mach-E მივიდეს. უსაფრთხოების მიზნით, ავტომობილში ჯერჯერობით ადამიანიც იმყოფება. მგზავრებს შეუძლიათ უარი თქვან ავტონომიურ მგზავრობაზე, ხოლო თანხმობის შემთხვევაში მართვა აპლიკაციით შესრულდება. მართვას ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული AV2.0 სისტემა უზრუნველყოფს. ქალაქში ამ ეტაპზე მხოლოდ 15 ასეთი ავტომობილი მოძრაობს, თუმცა კომპანიები სერვისის 12 საერთაშორისო ბაზარზე გაფართოებას გეგმავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები