დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ურთიერთობას წყვეტს და მას ტოვებს.
გამომდინარე იქიდან, რომ WHO წევრი ქვეყნების მიერ ფინანსდება, ხოლო შეერთებული შტატები პლანეტაზე ყველაზე ძლევამოსილი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოა, მისი კონტრიბუცია ყველაზე დიდი იყო. 2022-2023 წლებში, ჯანმოს ბიუჯეტი $6.7 მილიარდი იყო, რომლის 19.4%, ანუ $1.3 მილიარდი სწორედ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაიხადა.
ორგანიზაციიდან აშშ-ის გასვლის გამო, ჯანმო რეკრუტინგს აჩერებს და ბიუჯეტს ამცირებს. როგორც ჯანმოს ხელმძღვანელის, ტედროს გებრეისუსის მიერ თანამშრომლებისადმი გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ, აშშ-ის კონტრიბუციის გარეშე ორგანიზაციის ფინანსური მდგომარეობა გართულდა, რაც ხელმძღვანელობას მკვეთრი ფინანსური ზომების მიღებას აიძულებს. ჯანმოს ხელმძღვანელი იმედს იტოვებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი მის გადაწყვეტილებას გადახედავს და ორგანიზაციის დამფუძნებელი ქვეყანა წევრობას აღადგენს.