თურქმენეთის ქალაქ თურქმენბაშის ავაზის ტურისტულ ზონაში 9 ოქტომბერს დსთ-ს ლიდერთა მორიგი ყოველწლიური სამიტი გაიმართება.
ქვეყნის პრეზიდენტის, სერდარ ბერდიმუჰამედოვის თავმჯდომარეობით, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ლიდერთა საბჭოსა და ცენტრალური აზიისა და აზერბაიჯანის სახელმწიფოთა მეთაურების საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა.
როგორც მედია წერს, მასშტაბური შეკრება მიზნად რეგიონულ გამოწვევებზე რეაგირებასა და პარტნიორული კავშირების გამყარებას ისახავს.
რაც შეეხება სამიტების მონაწილეებს, ავაზაში პოსტსაბჭოთა სივრცისა და რუსეთის მეზობელი სახელმწიფოების პირველი პირები შეიკრიბებიან. ცენტრალური აზიისა და აზერბაიჯანის ფორმატში მოლაპარაკებებში უზბეკეთის პრეზიდენტი შავკათ მირზიოევი, ტაჯიკეთის ლიდერი ემომალი რაჰმონი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი მიიღებენ მონაწილეობას.
დსთ-ის სახელმწიფოთა მეთაურების საბჭოს მუშაობაში კი ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჩაერთვებიან. ამასთან, საერთაშორისო შეხვედრას სპეციალური სტუმრის სტატუსით ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი შეუერთდება. აღსანიშნავია, რომ თეირანსა და ვაშინგტონს შორის არსებული დაძაბულობის ფონზე, ირანის პრეზიდენტი რუს კოლეგასთან ორმხრივი მოლაპარაკებების გამართვას გეგმავს.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ შეხვედრების დღის წესრიგი რეგიონული უსაფრთხოების, ეკონომიკური ინტეგრაციისა და სამართალდამცავ სფეროში კოორდინაციის საკითხებს მოიცავს. ცენტრალური აზიის სახელმწიფოთა ლიდერები ყურადღებას სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორობაზე, ენერგეტიკულ თანამშრომლობასა და კლიმატის ცვლილებაზე გაამახვილებენ.
მხარეები ცალკე ფორმატში ამუდარიისა და სირდარიის აუზებში წყლის რესურსების რაციონალური გამოყენების მექანიზმებსაც განიხილავენ. დსთ-ის ფარგლებში დელეგაციებმა თხუთმეტზე მეტ საკითხს შეათანხმებს. მათ შორის იქნება სატრანსპორტო კავშირების გაძლიერება და მედიასივრცეში ერთობლივი მუშაობა. ამას გარდა, საგარეო საქმეთა მინისტრები კოსმოსურ სივრცეში შეიარაღების რბოლის თავიდან აცილების მხარდამჭერ ერთობლივ განცხადებასაც მიიღებენ.
ცნობისთვის, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა წელს დაარსების 35 წლისთავს აღნიშნავს.
























