ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტის ვაჟს, ჰანტერ ბაიდენს $1.4 მილიონის სახელმწიფო გადასახადების გადაუხდელობაში ედავება. ამ ეტაპზე, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ 53 წლის ჰანტერ ბაიდენს ცხრა დარღვევაში ადანაშაულებს, რომელთა გამტყუნების შემთხვევაში, პრეზიდენტის ვაჟს 17-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
როგორც ოფიციალური დოკუმენტებიდან ხდება ცნობილი, გადასახადების შესაძლო გადაუხდელობა 2016-დან 2019 წლამდე პერიოდს უკავშირდება, რა დროსაც, იუსტიიციის დეპარტამენტის შეფასებით, ჰანტერ ბაიდენმა დიდი თანხა დახარჯა “ნარკოტიკებზე, საესკორტო მომსახურებაზე, მეგობარ გოგოებზე, მდიდრულ სასტუმროებზე, ნაქირავებ უძრავ ქონებაზე, ეგზოტიკურ ავტომობილებზე, ტანსაცმელზე და პირადი მოხმარების სხვა ნივთებზე”.
ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის სარჩელიდან ჰანტერ ბაიდენის შემოსავლის შესახებ ინფორმაციაც გასაჯაროვდა. მოსარჩელე მხარე იუწყება, რომ 2016-2020 წლებში, ჰანტერ ბაიდენმა $7 მილიონზე მეტი მიიღო შემოსავლის სახით. ამ თანხის უდიდესი ნაწილი, ანუ დაახლოებით $2.3 მილიონი მან უკრაინული ენერგეტიკული კომპანია Burisma-სგან მიიღო, სადაც უმცროსი ბაიდენი დირექტორთა საბჭოს წევრი იყო.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ბრალდებას ჰანტერ ბაიდენის იურისტი გამოეხმაურა და ამ საქმეს - პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. პრეზიდენტის ვაჟის საქმესთან დაკავშირებით თეთრ სახლში, ამ ეტაპზე, არაფერს ამბობენ.