მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ის იუსტიციის უწყება დაადგენს, არღვევს თუ არა Netflix-ის მიერ WBD-ს შეძენა ანტიმონოპოლიურ კანონს

netflix

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა წამყვანი სტრიმინგ პლატფორმა Netflix-ის მიერ კინოინდუსტრიის გიგანტ Warner Brothers Discovery-ს შესაძლო შესყიდვის შესახებ ანტიმონოპოლიური გამოძიება დაიწყო. როგორც მედია წერს, დეპარტამენტმა უნდა გამოიკვლიოს, რამდენად დიდ საფრთხეს შეუქმნის ამერიკულ ბაზარს მსოფლიოს ყველაზე დიდი სტრიმინგ პლატფორმის მიერ იმ კომპანიის შესყიდვა, რომელიც თავადაც ფლობს კონკურენტ პლატფორმა HBO-ს.

იუსტიციის უწყებამ უკვე დაიბარა კონკურენტი კომპანიების, მათ შორის Apple-ის, Amazon-ის, Disney-სა და Paramount-ის წარმომადგენლები, რათა გაარკვიოს, როგორი იყო წლების განმავლობაში მათი ურთიერთობა Netflix-თან და რამდენადაა Netflix-ი კონკურენტების განზრახ დაზიანებით დაინტერესებული. სავალდებულო მოწვევა მიუვიდათ კასტინგ-კომპანიებსაც, რომელთაც უნდა უპასუხონ გამომძიებლებს, იყენებს თუ არა წამყვანი სტრიმინგ პლატფორმა თავის გავლენებს მსახიობების გადაბირებისა და კონკურენტებისთვის წართმევისთვის. როგორც ირკვევა, იუსტიციის დეპარტამენტი გადახედავს Netflix-ის მიერ განხორციელებულ ყველა გარიგებასა და თანამშრომლობას იმ კომპანიებთან, რომლებთან კავშირმაც შეიძლება გამოკვეთოს Netflix-ის მიდრეკილება მონოპოლიურობის მიმართ.

თუ გამომძიებლები დაადგენენ, რომ 300-მილიონიანი აუდიტორიის მქონე კომპანია კიდევ ერთი კინოკომპანიისა და მისი სტრიმინგ პლატფორმის შესყიდვით რეალურად ბაზარზე მონოპოლიის გაქრობასა და კონკურენტების ჩაძირვას ცდილობს, სავარაუდოა, რომ ხელს შეუშლის Netflix-ის მიერ Warner Brothers Discovery-ს შესყიდვას. შეგახსენებთ, საუბარია $82.7 მილიარდის შეთავაზებაზე, რომლის შემდეგაც ამერიკული ბაზრის ლიდერი დამატებით დაახლოებით 100 მილიონ მომხმარებელზე მოიპოვებს წვდომას და გაიმყარებს პოზიციებს, როგორც მსოფლიოს ყველაზე დიდი სტრიმინგ პლატფორმა. იუსტიციის დეპარტამენტს ასევე აქვს უფლება, Netflix-ს პირობების ცვლილება აიძულოს, რაც, ანალიტიკოსების დიდი ნაწილის შეფასებით, ასეც მოხდება, რადგან 400-მილიონიანი პლატფორმით ის ორჯერ აჯობებს მე-2 და მე-3 ადგილოსან კონკურენტებს, რაც ამერიკულ პრაქტიკაში მონოპოლიად ითვლება.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ლეგენდარული კინოკომპანიის შესყიდვისთვის მხოლოდ Netflix-ი არ იბრძვის. გასული წლის შემოდგომაზე, ტედ სარანდოსის კომპანიის მიერ შესყიდვის წინადადების გაჟღერებიდან მალევე Warner Bros-ის ყიდვის სურვილი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, ლარი ელისონის შვილის, დეივიდ ელისონის კომპანია Paramount Skydance-მაც გამოთქვა. თუ Netflix-ი გარიგებაში $82.7 მილიარდს იხდიდა და მოლაპარაკებებს როგორც ინვესტორებთან, ისე კომპანიის ხელმძღვანელობასთან აწარმოებდა, Paramount-მა პირდაპირ ინვესტორებს მიმართა და WBD-ს სრულად გაყიდვის სანაცვლოდ $108.2 მილიარდი შესთავაზა სრულიად ნაღდი ანგარიშსწორებით. ამ ინიციატივამ Netflix-ის შეთავაზება გარკვეულწილად დაჩრდილა და გაჩნდა ალბათობა, რომ Warner Bros-ის აქციონერები არჩევანს გაცილებით მსხვილ შეთავაზებაზე შეაჩერებდნენ, თუმცა როცა საქმე ფინანსური დოკუმენტაციის წარდგენაზე მიდგა, დეივიდ ელისონის კომპანიამ ვერ მოახერხა იმის დადასტურება, რომ დასახელებული თანხა მის ანგარიშზეა და გარიგების შემთხვევაში მისი გადახდისთვის მზადაა. რაც შეეხება Netflix-ს, კომპანიამ თავდაპირველი შეთავაზება მცირედით დააკორექტირა და ინვესტორებს Paramount-ის მსგავსად თანხის სრულად ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდა შესთავაზა.

აღსანიშნავია, რომ Netflix-ის წინადადებას მხარს თავად კომპანიის აღმასრულებელი ბორდი აქტიურად უჭერს მხარს. საბოლოო გადაწყვეტილება ტედ სარანდოსის ინიციატივასთან დაკავშირებით ინვესტორებმა მარტის თვეში უნდა მიიღონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები