მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ის კანონი [ FARA] ვრცელდება ფიზიკურ პირებზე, ნებისმიერ კორპორაციაზე, მეწარმეზე... - გორდულაძე

არჩილ გორდულაძე

"ქართული ოცნების" ერთპარტიული პარლამენტი დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე FARA [უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტს] განიხილა და პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი.

პროექტის ინიციატორთა განცხადებით, მათ მიერ წარდგენილია აშშ-ში მოქმედი FARA-ს პირდაპირი, სიტყვასიტყვითი თარგმანია და ახლა, მისი ქართულ რეალობაზე მორგება მიმდინარეობს.

"თუ დღეს მოქმედი გამჭვირვალობის ქართული კანონი მხოლოდ და მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე ვრცელდება, ამერიკული კანონი ვრცელდება, მათ შორის, ფიზიკურ პირებზეც. იქ ფიზიკური პირი შეიძლება ჩათვლილი იყოს როგორც უცხოურ ძალად, ასევე აგენტად. ვრცელდება ნებისმიერ კორპორაციაზე, მეწარმეზე, რა ფორმითაც არ უნდა იყოს ორგანიზებული - იქნება ეს შპს თუ არა შპს, იქნება ფიზიკური თუ არაფიზიკური პირი - პირების გაერთიანება იურიდიული პირის სტატუსის გარეშე. ნებისმიერი ფორმა, რაც კი საკანონმდებლო სივრცეში არსებობს, აბსოლუტურად ყველაზე ვრცელდება.

ერთი დათქმით, აუცილებელია, რომ აგენტმა უნდა შეასრულოს თავისი პრინციპალის... - უცხოური ძალის გავლენის ქვეშ უნდა იყოს, მისი დავალებების შესაბამისად უნდა მოქმედებდეს და ამავდროულად, პოლიტიკურ საქმიანობებსა და აქტივობებში უნდა იყოს ჩართული. არა მხოლოდ პოლიტიკურ აქტივობებში, იქნება ეს სარეკლამო თუ ნებისმიერი ისეთი ფორმა, რომელიც საზოგადოებაზე გავლენას ახდენს. ამერიკული კანონის მიხედვით, 1 ცენტიც კი, ანუ 1 თეთრიც კი შეიძლება გახდეს სავალდებულო ხასიათის, რომ კონკრეტული ფიზიკური ან იურიდიული პირი გამჭვირვალობის რეესტრში დარეგისტრირდეს. ამიტომაც ვამბობთ, რომ ამერიკული კანონი გაცილებით მკაცრია, მათ შორის, პასუხისმგებლობის ნაწილში", - თქვა გორდულაძემ პარლამენტში FARA-ს კანონის პირველი მოსმენით განხილვის დროს.

პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე "FARA"-ს კანონპროექტი 24 თებერვალს გამოქვეყნდა, თუმცა, გამოქვეყნებული ტექსტი აშშ-ს იურისდიქციაში მყოფ პირებს და აშშ-ს ინსტიტუტებს მიემართება. კანონპროექტში არ იყო ნახსენები საქართველო და გამოყენებული იყო ტერმინები, როგორებიცაა უცხოური პრინციპალი, უცხოური პრინციპალის აგენტი, შტატების პრეზიდენტი, შტატის კანონები და ა.შ.

კანონპროექტის თანახმად, კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით 5 წლამდე ვადით, იურიდიული პირი კი ისჯება ჯარიმით.

"ოცნების" FARA-ს აღმსრულებელი ანტიკორუფციული ბიურო იქნება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები