მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ის კომპანიების უმრავლესობამ ინვესტიციების ჩადების ნებისმიერი გეგმა შეაჩერა - დანიგანი

რობინ დანიგანი

აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" პოლიტიკამ ამერიკელი ინვესტორებს საქართველოს მიმართ ინტერესი შეუმცირა, რადგან ისინი ქვეყანას ჩინეთის, რუსეთისა და ირანის მოკავშირედ აღიქვამდნენ.

"შესაძლოა, ერთ-ერთი ელემენტი, რომელზეც ადამიანები იმდენად ბევრს არ ლაპარაკობენ, არის ბიზნესის ელემენტი. მე ეკონომიკური განათლება მაქვს და აქ ჩამოვედი ძალიან მოწადინებული გამეძლიერებინა ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები და მქონდა რამდენიმე კარგი საუბარი ეკონომიკის ყოფილ მინისტრთან იმაზე, რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა ამის მისაღწევად.

საბოლოოდ, ამერიკული ინვესტიციის გაზრდა საქართველოში ძალიან გართულდა, რადგან საქმიანი ადამიანების მიერ საქართველო სულ უფრო მეტად აღიქმებოდა ქვეყნად, რომელიც რუსეთს, ირანსა და ჩინეთს უახლოვდება. იყო მზარდი შეშფოთება უსაფრთხოების გამო. იყო მზარდი შეშფოთება კანონის უზენაესობასა და მართლმსაჯულების სისტემაზე და ჩვენ დავინახეთ, რომ აშშ-ის კომპანიების უმრავლესობამ შეაჩერა აქ ინვესტიციების გაფართოების ან ახალი ინვესტიციების ჩადების ნებისმიერი გეგმის განხორციელება და სინამდვილეში, ვფიქრობ, რომ ციფრების უმეტესობა აჩვენებს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ბოლო ერთი წლის განმავლობაში 35-40%-ით შემცირდა. ასე რომ, ამ ქმედებებს რეალური გავლენა აქვს", - ეუბნება დანიგანი "რადიო თავისუფლებას".

შარშან საქართველოში აშშ-დან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 98 მლნ დოლარამდე შემცირდა.

ბოლო წლებში აშშ-დან შემოსული ინვესტიციების მოცულობა:

  • 2023 წელი - 182.2 მლნ დოლარი;
  • 2022 წელი - 179 მლნ დოლარი;
  • 2021 წელი - 21 მლნ დოლარი;
  • 2020 წელი - 99 მლნ დოლარი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები