აშშ-ის კონგრესმა დაამტკიცა კანონპროექტი The Common Cents Act, რომელიც 234 წლის შემდეგ 1-ცენტიანი მონეტების წარმოების ოფიციალურად შეწყვეტას ითვალისწინებს.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ცვლილების მთავარი მიზეზი წარმოების გაზრდილი ხარჯებია. კერძოდ, ერთი ცენტის მოჭრა თითქმის 4 ცენტი ჯდება, პროცესის შეჩერებით კი ქვეყანა ყოველწლიურად $56 მილიონს დაზოგავს.
ამასთან, დოკუმენტი მაღაზიებს ტრანზაქციების დროს თანხის უახლოეს 5 ცენტამდე დამრგვალების უფლებას აძლევს. ეს გადაწყვეტილება საცალო მოვაჭრეებს სამომავლო სასამართლო დავებისგან დაიცავს.
პარალელურად, მთავრობას 5-ცენტიანების წარმოებისას თუთიის შიდა ფენის გამოყენების უფლება ეძლევა. აღნიშნული ნაბიჯი ხარჯებს მნიშვნელოვნად შეამცირებს, რადგან ამჟამად მოქმედი ნიკელისა და სპილენძის შემადგენლობა გაცილებით ძვირია.
შეგახსენებთ, პენი ერთ-ერთი პირველი მონეტაა, რომლის წარმოებაც 1792 წელს აშშ-ის ზარაფხანის დაარსების შემდეგ დაიწყო. 2025 წელს ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით 1-ცენტიანების მოჭრა უკვე შეჩერდა, ახალი კანონი კი ამ პროცესს ოფიციალურ სახეს მისცემს.
სიცხადისთვის, ძველი მონეტები ბრუნვაში რჩება და მომხმარებლებს მათი გამოყენება ჩვეულებრივად შეეძლებათ.
























