ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა ქვეყნის ფედერალურ სასამართლოს ელექტრონული კომერციის პლატფორმის, eBay-ს 2 მილიარდი დოლარით დაჯარიმების მოთხოვნით მიმართა.
საქმე ეხება ავტომობილებზე დასამონტაჟებელი არალეგალური მოწყობილობების რეალიზაციას. ბრალდების მხარის მტკიცებით, eBay-ს მეშვეობით გაყიდულია 343,000-მდე ისეთი მოწყობილობა, რომელიც დიზელის ძრავის მქონე ავტომობილების მოდიფიკაციას და გარემოს მიზანმიმართულად დაბინძურებას ხდის შესაძლებელს.
ზემოხსენებული მოწყობილობა „მოძრავი ქვანახშირის ქარხნის“ სახელითაა ცნობილი და ის მაღალი გამავლობის SUV-ებსა და პიკაპებს უმონტაჟდება. მისი ამოქმედების შემდეგ, ავტომობილის ძრავაში მკვეთრად იზრდება საწვავის მიწოდება, რაც შავი გამონაბოლქვის გამოყოფას იწვევს.
ამ მოწყობილობას საკუთარ ავტომობილებზე ხშირად ამონტაჟებენ კლიმატის ცვლილების მოწინააღმდეგე მოქალაქეები, რომლებიც გარემოს დაბინძურების რისკებს არ აღიარებენ და შავი კვამლის დაყენებით ხაზს უსვამენ საკუთარ პოზიციას. ასევე, პიკაპების მძღოლები ამ მოწყობილობას ხშირად იყენებენ ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების მძღოლების დასაცინად.
იუსტიციის დეპარტამენტის განმარტებით, ამ ტიპის მოწყობილობების გაყიდვა კანონით აკრძალულია, რადგან ის მიზანმიმართულად იწვეს ბუნების დაბინძურებას და ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევას. აკრძალვის მიუხედავად, eBay-ს მეშვეობით მოქალაქეებს მარტივად შეეძლოთ ამ პროდუქტის შეძენა და საკუთარ ავტომობილზე მისი დამონტაჟება.
საქმის აღძვრასთან დაკავშირებით eBay-ს წარმომადგენლობას საჯარო კომენტარი ჯერაც არ გაუკეთებია.