ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტს ამერიკული Hewlett Packard Enterprise-ის და Juniper Networks-ის $14-მილიარდიანი გარიგების ჩაშლა სურს, რისთვისაც უწყებამ სასამართლოს მიმართა. მარეგულირებლის შეფასებით, შერწყმის შედეგად დამაკავშირებელი ტექნოლოგიების ბაზრის 70% ორი კომპანიის — ზემოხსენებული HPE-ის და Cisco Systems-ის საკუთრებაში აღმოჩნდება, რითაც კონკურენცია შეიზღუდება და, საბოლოო ჯამში, მომხმარებლები დაზარალდებიან.
აღნიშნული სიახლის გავრცელების შემდეგ, კომპანიების აქციების ფასებმა 2%-ით იკლო, რაც ნიშნავს, რომ ინვესტორებმა გადაწყვეტილება ნეგატიურად მიიღეს. კომპანია, რომლის შეძენა Hewlett Packard Enterprise-ს სურდა არც თუ ისე დიდია, რადგან დღეს, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია მხოლოდ $11.9 მილიარდს შეადგენს, როცა HPE-ის შემთხვევაში, მაგალითად, ანალოგიური მაჩვენებელი $28 მილიარდის ტოლია. Juniper-ის მთავარი კონკურენტი ამერიკული გიგანტი Cisco Systems-ია, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $249 მილიარდს აღემატება.
ამერიკული კორპორაციების $14-მილიარდიანი შერწყმის შესახებ ცნობა პირველად გასული წლის იანვარში გავრცელდა. როგორც HPE-ის გენერალურმა დირექტორმა, ანტონიო ნერიმ იმ დროს განაცხადა, ეს გარიგება კომპანიის საბაზრო წილს გაზრდის, მაგრამ, ამასთან, ხელს შეუწყობს HPE-ის ტრანსფორმაციას, რადგან ამერიკულ გიგანტს სურს, საკუთარი ბიზნესის ქვაკუთხედად სწორედ დაკავშირებადობის ტექნოლოგია აქციოს, რომლითაც მოწყობილობებს შორის და ინტერნეტის გამოყენებით ინფორმაციის გაცვლაა შესაძლებელი.