მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით კორესპოდენციის მიღება არავის უდასტურდება - კობახიძე

ირაკლი კობახიძე პარტიის ტრიბუნასთან

პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით არავის უდასტურდება კორესპოდენციის მიღება. როგორც ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, სანქცირებულია რამდენიმე პირი, მათ შორის შსს-ის ორი მაღალჩინოსანი.

„იგივე მოცემულობაა, რაც იყო წინა შემთხვევებში, ანუ არავის უდასტურდება ასეთი კორესპოდენციის მიღება. გავრცელებული სახელ-გვარებიდან არიან ისეთები, ვისაც არ აქვს ვიზა და შესაბამისად, ინფორმაცია ვერ მიუვიდოდა. ასევე არიან დეპუტატები, ვისაც აქვს მოქმედი ვიზები, მაგრამ არცერთს არ მისვლია ასეთი ინფორმაცია და დღემდე ვართ გაურკვევლობაში.

თუმცა არ აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ მიუღებელია. ეს შეურაცხყოფს სახელმწიფოს, მათ შორის მიუღებელი ფორმით. არის შს სამინისტროს ორი თანამშრომელი, ხელმძღვანელი და მისი მოადგილე, რომლებსაც აქვთ ნაბრძოლი 2008 წლის აგვისტოში. ომი აქვთ გამოვლილი ამ ადამიანებს. სანქცია არის თავის შინაარსით ისეთი, რაც უთანაბრდება სისხლის სამართლის საქმეს. კიდევ კარგი ქართული სახელმწიფო იცავს ამ ადამიანების ინტერესებს“, - განაცხადა კობახიძემ.

16 სექტემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და ხაზინამ საქართველოს ხელისუფლებისა და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ სავიზო და ფინანსური სანქციების პაკეტი წარადგინა. აშშ-ის ხაზინამ 4 ადამიანი - შსს-ის სპეციალური დავალებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი (ხარება) და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, ასევე პრორუსული პარტია ალტ-ინფოს ლიდერები, კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე დაასანქცირა. მათ ფინანსური სანქციები გლობალური მაგნიტსკის სიის ფარგლებში დაუწესდათ. ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტმა გააფართოვა სავიზო სანქციებიც და ის დაუწესა 60 პირსა და მათ ოჯახის წევრებს, ვინც ქვეყანაში დემოკრატიის ძირგამომთხრელ საქმიანობაში, დეზინფორმაციის გავრცელებასა და კორუფციაში არიან ჩართული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები