მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ის მიერ ჰორმუზის სრუტის ბლოკირების ფონზე ინდოეთი ენერგეტიკული კრიზისის საფრთხის წინაშე დგას

ლობისტები

ოფიციალური ვაშინგტონის პოლიტიკა ინდოეთის ენერგოუსაფრთხოებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის - წერს ამერიკული ეკონომიკური გამოცემა CNBC. როგორც მედიის ანალიტიკური სტატიიდან ირკვევა, ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლამ და თეირანზე ზეწოლის გაძლიერებამ, მათ შორის ჰორმუზის სრუტის ამერიკულმა ბლოკადამ უმძიმესი დარტყმა მიაყენა ნიუ-დელის.

გლობალურ ბაზარზე არსებული დეფიციტის ფონზე, ინდოეთში ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა ფაქტმა, რომ 11 აპრილს ამოიწურა ის საგამონაკლისო დაშვება, რაც ნიუ დელის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვის დროებით გაგრძელებას ეხებოდა. განმარტებისთვბის, ომის დაწყებიდან მალევე თეთრმა სახლმა ინდოეთს ნება დართო, ხანმოკლე პერიოდით გაეგრძელებინა რუსული ნავთობის შესყიდვა, რათა შტატებთან სავაჭრო შეთანხმების გაფორმებამდე პერიოდში ენერგეტიკული კრიზისი თავიდან აერიდებინა.

ანალიტიკური კომპანია XAnalysts-ის ცნობით, ინდოეთი სერიოზული მიწოდების კრიზისის წინაშე დგას, რადგან ქვეყანა ახლა ვერც ირანულ და ვერც რუსულ ენერგეტიკულ რესურსს ვეღარ იღებს. ეს კი განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, როცა სახელმწიფო საკუთარი ენერგომოთხოვნის 85%-ს სწორედ იმპორტით აკმაყოფილებს. უფრო კონკრეტულად, საუბარია დღიურად 5.5 მილიონი ბარელის მოხმარებაზე. ცნობისთვის, გლობალური მიწოდების ჯაჭვის რღვევის გამო ინდოეთი დღიურად უკვე 3 მილიონი ბარელის დეფიციტს განიცდის და ალტერნატივას აქტიურად ეძებს.

ქვეყნის პოზიციას მნიშვნელოვნად ასუსტებს სტრატეგიული რეზერვების სიმცირეც, რომელიც მხოლოდ 160 მილიონ ბარელს მოიცავს და მომარაგების შეფერხების შემთხვევაში ინდოეთს მხოლოდ 30 დღის განმავლობაში ეყოფა. მიწოდების პრობლემებსა და ენერგორესურსებზე გაზრდილ ფასებს უკვე სერიოზული გავლენა აქვს მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე, რაც მარტში კერძო სექტორის აქტივობის მკვეთრი შენელებით გამოიხატა.

ინდოეთის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გათვალისწინებით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის 7.0%-დან 7.4%-მდე არსებული პროგნოზი მკვეთრი შემცირების სერიოზული საფრთხის წინაშე დგას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები