მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის მიერ სანქცირებული ვალერიან ცერცვაძე პირველ კომენტარს აკეთებს

642e777d04474
მარიამ ვარადაშვილი
06.04.23 11:42
1199
აშშ-ის მიერ სანქცირებული ერთ-ერთი მოსამართლე ვალერიან ცერცვაძე აცხადებს, რომ გაჟღერებულ ბრალდებები უსაფუძვლოა და სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას კატეგორიულად არ ეთანხმება.

საუბარია 5 აპრილს აშშ-ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც დასანქცირდა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ასანქცირებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მიხელ ჩინჩალაძეს; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს, ლევან მურუსიძეს; თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, ირაკლი შენგელიას; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ვალერიან ცერცვაძეს [ყოფილი მოსამართლე]. 

აშშ-ს საელჩოს განცხადებით, გადაწყვეტილება ეფუძნება სანდო ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ეს მოსამართლეები საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში.

“მსურს განვაცხადო, რომ კატეგორიულად არ ვეთანხმები გაჟღერებულ ბრალდებებს. მინდა აღვნიშნო, რომ ექვსი წელია, რაც აღარ ვარ არც სასამართლო და არცერთ სხვა სახელმწიფო თანამდებობაზე, შესაბამისად, ჩემი, როგორც უვადო მოსამართლედ მოხსენიება აშკარად წარმოადგენს ფაქტების შეგნებულ დამახინჯებას. აღნიშნული პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ აბსოლუტურად მცდარი და დაუსაბუთებელი ინფორმაციის საფუძველზე იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება.

ცალსახად მინდა განვაცხადო, რომ არ არსებობს არცერთი ფაქტი და მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს გაჟღერებულ ბრალდებებს. მიმაჩნია, რომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით გაკეთებული განცხადებები, ატარებს პოლიტიკურ შინაარსს.

ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ვფიქრობ, რომ აღნიშნული მიზნად ისახავს სასამართლოში გავლენის მოპოვებას და მის სრულ დისკრედიტაციას”, - წერს ცერცვაძე Facebook-ზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები