ფედერალურმა მოსამართლემ დაბლოკა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ახალი რეგულაცია, რომელიც უცხოელ სტუდენტებსა და ჟურნალისტებს აშშ-ში ვადის გაგრძელების მოთხოვნის გარეშე დარჩენის პერიოდს უზღუდავდა.
საოლქო მოსამართლე ფ. დენის სეილორმა გადაწყვეტილება პროფკავშირებისა და უმაღლესი განათლების დამცველი ჯგუფების კოალიციის სასარგებლოდ, რეგულაციის ძალაში შესვლამდე ერთი დღით ადრე გამოიტანა.
მოსამართლის განცხადებით, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა ეს რეგულაცია "განსაკუთრებით სუსტ" არგუმენტებზე დაყრდნობით მიიღო. უწყება ეროვნულ უსაფრთხოებასა და სავიზო პროგრამაში თაღლითობის პრევენციის აუცილებლობას ასახელებდა, თუმცა მოსამართლემ დაადგინა, რომ დეპარტამენტმა არ შეასრულა თავისი სამართლებრივი ვალდებულება - სათანადოდ არ შეაფასა მოსალოდნელი შედეგები და ნაკლებად მძიმე ალტერნატივები არ განიხილა.
შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მთავარმა იურისტმა ჯეიმს პერსივალმა მოსამართლის გადაწყვეტილება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ამ ვერდიქტის გამო საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურს მოუწევს "საიმიგრაციო სისტემის ბოროტად გამოყენება დაუშვას".
"ჩამოდიან სტუდენტური ვიზით, სემესტრში მხოლოდ ერთ კურსს გადიან და აქ ათწლეულების განმავლობაში რჩებიან", - განაცხადა მან.
მოსამართლე სეილორმა განმარტა, რომ ახალი რეგულაცია თავდაყირა დააყენებდა სისტემას, რომლის მეშვეობითაც აშშ თითქმის ხუთი ათწლეულის განმავლობაში უცხოელ სტუდენტებზე ვიზებს "სტატუსის ხანგრძლივობის" პრინციპით გასცემდა.
მისი თქმით, ამ სისტემამ ათობით მილიონ უცხოელ სტუდენტსა და მკვლევარს აშშ-ში ჩასვლის საშუალება მისცა, რამაც განაპირობა "გარღვევა მეცნიერებაში, მედიცინასა და ტექნოლოგიებში, მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა და სხვა მრავალი მასშტაბური სარგებელი".
სეილორის თქმით, დეპარტამენტის მიერ მიღებული წესი არსებულ მოდელს ისეთი სისტემით ანაცვლებდა, რომელიც ქვეყანაში უცხოელი სტუდენტების, პროფესორებისა და ჟურნალისტების საერთო რაოდენობას საგრძნობლად შეამცირებდა.
ახალი წესით, საერთაშორისო სტუდენტებისთვის განკუთვნილ F ვიზებსა და კულტურული გაცვლითი პროგრამების მონაწილეთა J ვიზებზე ოთხწლიანი ზედა ზღვარი უნდა დაწესებულიყო, ხოლო ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი I ვიზები, რომლებიც ამჟამად წლების განმავლობაში მოქმედებს, მაქსიმუმ 240 დღემდე შეიზღუდებოდა.
ამჟამად F ვიზას დაახლოებით 1.6 მილიონი ადამიანი ფლობს, კიდევ 500 000-ს კი - J ვიზა აქვს. მოსამართლემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ წამყვან კვლევით უნივერსიტეტებში, როგორიცაა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (MIT) და ჰარვარდი, უცხოელი სტუდენტების წილი განსაკუთრებით მაღალია მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში.
მისივე შეფასებით, რეგულაციის ამოქმედების შემთხვევაში ასეთი უნივერსიტეტები ასობით მილიონი დოლარით დაზარალდებოდნენ და სტუდენტთა მიღება შემცირდებოდა.
"ზიანი უმაღლესი განათლების სისტემისა და შეერთებული შტატების ეკონომიკისთვის, სავარაუდოდ, კატასტროფული იქნება", - აღნიშნა მოსამართლემ.
























