მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის მთავრობა ბიუჯეტის შეჩერების საფრთხის წინაშეა

აშშ

დემოკრატ და რესპუბლიკელ კონგრესმენებს შორის უთანხმოების გამწვავების ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ბიუჯეტის შეჩერების საფრთხის წინაშეა.

თუკი მიმდინარე კვირის ბოლომდე კონგრესი შეთანხმებას ვერ მიაღწევს, მაშინ ქვეყანაში ფედერალური ბიუჯეტი გაიყინება, საჯარო სექტორის წარმომადგენლები, სამთავრობო ორგანოები და საჯარო უწყებები ხარჯების გაწევას და ხელფასების გაცემას ვეღარ შეძლებენ. პოტენციურად, მილიონობით ამერიკელი საჯარო მოხელე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ანაზღაურების გარეშე დარჩება.

ცხადია, ფედერალური ბიუჯეტის ამოქმედების შემდეგ მათ გაწეული სამუშაო სრულად აუნაზღაურდებათ და საჯარო უწყებებიც დაგროვილ ვალებს გადაფარავენ, მაგრამ რამდენიმე კვირის განმავლობაში, შესაძლოა, ამერიკაში პრობლემატური ვითარება შეიქმნას.

ექსპერტების შეფასებით, მაღალი შანსია იმისა, რომ კვირის ბოლომდე შეთანხმება მიღწეული არ იქნეს და ბიუჯეტი დროებით შეჩერდეს.

რაც შეეხება თავად სადავო საკითხს, ის სამომავლო ხარჯებს უკავშირდება - რესპუბლიკელ სენატორებს ბიუჯეტის შემცირება და ფედერალური ვალის მოცულობის კორექტირება სურთ. ამის საპირისპიროდ, დემოკრატი კონგრესმენები სოციალური მიმართულებით ხარჯების გაზრდას მოითხოვენ.

აღსანიშნავია, რომ სავალო ჭერის კრიზისიც სწორედ ამ უთანხმოებით იყო გამოწვეული, თუმცა ბიუჯეტის დროებით შეფერხებასა და სავალო ჭერის გამო ობლიგაციებზე დეფოლტის გამოცხადებას შორის რადიკალური განსხვავებაა, რადგან აშშ-ის დეფოლტს პოტენციურად გლობალური ეკონომიკური კრიზისის გამოწვევა და თანამედროვე ფინანსური სისტემის ჩამოშლა შეუძლია. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები