თეთრი სახლი გეგმავს, სახელმწიფო უწყებებს Anthropic-ის უახლესი მოდელის, Mythos-ის გამოყენების უფლება მისცეს. Bloomberg-ის ინფორმაციით, ვაშინგტონში გადაწყვეტილება კიბერუსაფრთხოების რისკების ზრდის ფონზე მიიღეს.
ცნობისთვის, აღნიშნული ტექნოლოგია Anthropic-ის პროექტ Glasswing-ის ფარგლებში შეიქმნა და ის ციფრული მოწყობილობებისა და პროგრამების ჰაკერული თავდასხმებისაგან დაცვას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ მოდელის სატესტო ვერსიაზე წვდომა ამ ეტაპზე მხოლოდ რამდენიმე ტექნოლოგიურმა კომპანიამ მიიღო.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ Anthropic-ის მიერ შექმნილმა ახალმა AI მოდელმა საერთაშორისო გამოხმაურება გამოიწვია. როგორც ირკვევა, Mythos-მა საკმაოდ დაცული კომპანიების ოპერაციულ სისტემებსა და ბრაუზერებში ათასობით კრიტიკული ხარვეზი აღმოაჩინა - ხარვეზები, რომლებიც ჰაკერული თავდასხმის შემთხვევაში სუსტ წერტილად შეიძლება ქცეულიყო.
ექსპერტების შეფასებით, სისტემას შეეძლება, ისეთი კოდი დაწეროს, რომელიც მაქსიმალურად შეამცირებს რისკებს. სამთავრობო უწყებებში ჩაშვებისთანავე ის კიბერხარვეზებს გამოავლენს.
თუმცა Mythos-ის გამოყენების მიმართ ანალიტიკოსებს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ. დარგის ექსპერტები შიშობენ, რომ თუ თავად Mythos-ს არ დაუწესდა უსაფრთხოების მკაცრი შეზღუდვები, მან შესაძლოა ისეთი მონაცემები მიიღოს და დაამუშაოს, რომლებიც მესამე მხარის ხელში აღმოჩენის შემთხვევაში ეროვნული უსაფრთხოების რისკებს გააჩენს.




























