აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ნებისმიერი კომპანია ან აეროპორტი, რომელიც ირანულ ავიაკომპანიებთან ითანამშრომლებს, ამერიკული სანქციების საფრთხის წინაშე დადგება. მისი თქმით, ვაშინგტონი თეირანზე ეკონომიკური ზეწოლის კამპანიას აგრძელებს, რაც ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ომის ნაწილია.
ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ამერიკის ადმინისტრაცია ირანის მთავრობის წინააღმდეგ ფინანსური ბლოკადის რეჟიმს ახორციელებს და ეს საერთაშორისო კომპანიებს არ უნდა დაავიწყდეთ.
როგორც ირკვევა, ვაშინგტონი მესამე მხარეებს ირანული სუბიექტების დახმარების შემთხვევაში დაუყოვნებლივი ზომების მიღებით ემუქრება. სკოტ ბესენტმა მოუწოდა უცხო ქვეყნის მთავრობებს, მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინონ, რათა მათ იურისდიქციაში არსებულმა კომპანიებმა ირანულ თვითმფრინავებს მომსახურება არ გაუწიონ.
აღნიშნული შეზღუდვა საწვავით მომარაგებას, კვებით უზრუნველყოფას, აეროპორტის მოსაკრებლების გადახდასა და ტექნიკურ დათვალიერებას მოიცავს. პარალელურად, თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, უწყება მეორად სანქციებს იმ უცხოური ფინანსური ინსტიტუტების მიმართაც გამოიყენებს, რომლებიც ირანის საქმიანობას ხელს შეუწყობენ.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ აღნიშნული გაფრთხილება ირანის მხრიდან კომერციული ფრენების აღდგენას უკავშირდება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ თეირანის საერთაშორისო აეროპორტიდან საავიაციო მიმოსვლა პირველად გასულ უქმეებზე განახლდა. ამ ეტაპზე რეისები სტამბოლის, მასკატის, მედინას, ერაყისა და კატარის მიმართულებით დაიგეგმა.




























