მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის მთავრობა Micron-ს $6.1 მილიარდის გრანტს გამოუყოფს

MICRON

ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება ე.წ “ჩიპების აქტის” ფარგლებში ადგილობრივი წარმოების წახალისებას აგრძელებს. აღნიშნულ სამთავრობო პროგრამას კიდევ ერთი ბენეფიციარი ჰყავს - მიკროჩიპებისა და ნახევარგამტარების ამერიკული გიგანტი Micron-ი, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებისგან $6.1 მილიარდის გრანტს მიიღებს. ამ თანხით, Micron-ი ვალდებული იქნება ნიუ-იორკსა და აიდაჰოში ახალი ქარხნები ააშენოს, რომელთა დამსახურებით, მომდევნო 20 წლის განმავლობაში, ორივე შტატში 50,000 სამუშაო ადგილი შეიქმნება.

ოფიციალური ვაშინგტონის მიერ ამ ნაბიჯის გადადგმის მიზანს ქვეყნის მასშტაბით კომპიუტერული ჩიპების და ნახევარგამტარების წარმოების ინდუსტრიის განვითარება წარმოადგენს. საქმე ისაა, რომ 1990 წელს, ყოველი სამი ჩიპიდან ერთი ამერიკის შეერთებულ შტატებში იწარმოებოდა, მაგრამ 2020 წლისთვის, მსოფლიოს ნომერ პირველი ეკონომიკის წილი გლობალურ წარმოებაში 12%-მდე შემცირდა. საპირწონედ ამისა, გაიზარდა ტაივანის წილი, მაგრამ ბოლო წლებში, კონტინენტური ჩინეთის სიახლოვეს მდებარე ამ კვაზი-სახელმწიფოს რისკ-პრემია საგრძნობლად გაიზარდა, რის გამოც, ქვეყნები დივერსიფიკაციის სტრატეგიაზე გადაეწყვნენ.

ამერიკული Micron-ი, ცხადია, ერთადერთი კომპანია არ არის, რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებისგან ამ ტიპის გრანტებს იღებს. რამდენიმე თვის წინ, ამერიკულ Intel-ს $8.5 მილიარდის სუბსიდია ერგო, ხოლო ტაივანურმა TSMC-მ $6.6 მილიარდი მიიღო. მიმდინარე კვირას, $6.4 მილიარდის მოცულობის გრანტი კორეულმა Samsung-მაც მიიღო. საერთო ჯამში, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ინიიცირებული კანონპროექტის ჯამური ღირებულება $52.6 მილიარდს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები