სამხრეთკორეული ტექნოლოგიური გიგანტი, Samsung-ი ამერიკის შეერთებულ შტატებში ინვესტირებას განაგრძობს და შტატ ტეხასის ქალაქ ტეილორთან საკუთარი წარმომადგენლობის გაზრდას გეგმავს. ამჟამად, ამ ტერიტორიაზე Samsung-ი მიკროჩიპების ქარხანას აშენებს, მაგრამ, როგორც The Wall Street Journal-ი წერს, ტერიტორიაზე კომპანია კიდევ ერთ ქარხანას და ლოგისტიკურ ცენტრს ააშენებს, ანუ ჯამში, რეგიონში განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა $44 მილიარდამდე გაიზრდება. თავდაპირველად, კომპანია ტეხასში $17 მილიარდის დახარჯვას გეგმავდა.
ტექნოლოგიური გიგანტის ეს გადაწყვეტილება, თუკი ის დადასტურდა, მოულოდნელი ნამდვილად არ იქნება, რადგან ამერიკის შეერთებულ შტატებში მიკროჩიპების წარმოების გაზრდისთვის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მრავალმილიარდიანი დახმარების პაკეტი დაამტკიცა. ამ შემთხვევაში, Samsung-ი ქვეყნის ხელისუფლებისგან $6 მილიარდზე მეტს მიიღებს ფინანსური და საგადასახადო დახმარების სახით.
სამხრეთკორეული Samsung-ი, როგორც იცით, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $416 მილიარდს აღემატება და ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოში 21-ე ადგილს იკავებს.