აშშ-ის მთავრობამ განაცხადა, რომ ელექტრომობილების მწარმოებელმა Tesla-მ და სამხრეთკორეულმა კომპანია LG Energy Solution-მა მიწოდების ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი - წერს Reuters.
გარიგება გულისხმობს მიჩიგანის შტატში $4.3 მილიარდი დოლარის ღირებულების ლითიუმ-რკინა-ფოსფატის (LFP) პრიზმული ბატარეის ელემენტების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას, სადაც წარმოება სავარაუდოდ 2027 წელს დაიწყება.
"ამერიკაში დამზადებული ელემენტები უზრუნველყოფს Tesla-ს ენერგიის შესანახი სისტემის, Megapack 3-ის მუშაობას, რომელიც ჰიუსტონში იწარმოება. ეს შექმნის ბატარეების მიწოდების ძლიერ შიდა ჯაჭვს", - ნათქვამია აშშ-ის შინაგან საქმეთა დეპარტამენტის განცხადებაში.
ეს ხელშეკრულება იყო იმ უფრო ფართო განცხადების ნაწილი, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ინდო-წყნარი ოკეანის ენერგოუსაფრთხოების სამიტის ფარგლებში გაავრცელა.
მანამდე, ივლისში ინფორმირებულმა წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ LG Energy Solution-მა Tesla-სთან $4.3 მილიარდი დოლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა ენერგიის შესანახი სისტემის ბატარეების მისაწოდებლად, რადგან ამერიკული კომპანია ტარიფების გამო ჩინურ იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობდა.
მაშინ სამხრეთკორეულმა კომპანიამ დაადასტურა, რომ გააფორმა 4.3 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტი LFP ბატარეების გლობალურად სამი წლის განმავლობაში მიწოდების შესახებ. თუმცა, კომპანიას არ დაუსახელებია დამკვეთი და არც ის დაუზუსტებია, ეს ბატარეები ავტომობილებისთვის იქნებოდა განკუთვნილი თუ ენერგიის შესანახი სისტემებისთვის.
LG Energy Solution აშშ-ში LFP ბატარეების ერთ-ერთი იშვიათი მწარმოებელია. LFP ბატარეების ქიმიის სფეროში დიდი ხანია დომინირებენ ჩინელი კონკურენტები, რომლებსაც აშშ-ის ბაზარზე მცირე წარმომადგენლობა აქვთ.




























