მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის მთავრობამ Binance-ის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა შეწყვიტა

BINANCE

აშშ-ის საფონდო ბირჟების და ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელმა კომისიამ მსოფლიოს უდიდესი კრიპტობირჟის და მისი დამფუძნებლის, ჩანგპენგ ჟაოს წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო დავა შეწყვიტა. SEC-ის ამ გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად დასრულდა სხვადასხვა ზომის კრიპტოკომპანიების შესწავლის და დაჯარიმების პოლიტიკა, რომელიც უწყების ყოფილი ხელმძღვანელის, გარი გენსლერის პირობებში დაიწყო.

თავდაპირველად, ქვეყნის ხელისუფლებამ Binance-ის დამფუძნებელს და მენეჯმენტს რამდენიმე ბრალდება წამოუყენა, მათ შორის იყო ამერიკელი მომხმარებლებისთვის სერვისების არალეგალურად შეთავაზება, კრიპტოტრანზაქციების მოცულობის ხელოვნურად გაბერვა და მომხმარებელთა თანხების მითვისება. SEC-ში ამბობდნენ იმასაც, რომ პლატფორმით არალეგალურად იყო შეთავაზებული ტრეიდინგის ფუნქციონალი.

Binance-ი მსოფლიოს უდიდესი კრიპტობირჟაა, რომელიც, რამდენიმე თვის წინ, დონალდ ტრამპის ოჯახთან დაკავშირებულ World Liberty Financial-თან დაპარტნიორდა. კომპანიას რამდენიმე მიზანი აქვს, მათ შორის კრიტპობანკის შექმნა და USD1-ის სახელით ცნობილი სტეიბლკოინის გამოშვება, რისთვისაც WLF-მა საამიროების სუვერენული სიმდიდრის ფონდიდან $2-მილიარდიანი ინვესტიცია მოიზიდა.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ბოლოს, კრიპტოინდუსტრიის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი სასამართლო დავა მორიგებით დასრულდა, ხოლო Binance-ის დამფუძნებელმა, ჩანგპენგ ჟაომ $4.3-მილიარდიანი ჯარიმა გადაიხადა და კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა. CZ-ის შემდეგ, Binance-ის გენერალური დირექტორი რიჩარდ ტენგი გახდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები