აშშ-ის მთავრობამ ჩინეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. ახალი შეზღუდვები ვრცელდება იმ ნახევარგამტარებსა და ჩიპებზე, რომელთაც ჩინეთი, სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტის განვითარებისა და იარაღის შექმნის მიზნით გამოიყენებს.
როგორც ვაშინგტონში აღნიშნავენ, ამ კატეგორიის ჩიპების ექსპორტი ამერიკიდან ჩინეთში სრულად შეიზღუდება. ამასთან, ამერიკულ კომპანიებს აეკრძალებათ ამ მიმართულებით ჩინეთთან მუშაობა და ნახევარგამტარების განვითარების პროცესში კონსულტაციების გაწევა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს ნაბიჯი "ტექნოლოგიური ჩაგვრის" კიდევ ერთი მცდელობად შეაფასა. მათ განაცხადეს, რომ აშშ-ის ეს პოლიტიკა არამარტო ჩინეთის, არამედ მთელი მსოფლიოს ტექნოლოგიური განვითარების წინააღმდეგ არის მიმართული.
"ამერიკის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი საერთაშორისო სავაჭრო წესების დარღვევას წარმოადგენს და პეკინი ყველა საჭირო ზომას მიიღებს საკუთარი ინტერესების დასაცავად," - განაცხადეს ჩინეთის მთავრობის ადმინისტრაციაში.
მოგეხსენებათ, ტექნოლოგიური პროგრესი კრიტიკულად არის დამოკიდებული თანამედროვე ჩიპებზე და ნახევარგამტარებზე, რომელთაც ხელოვნური ინტელექტისა და სამხედრო ტექნოლოგიების განვითარებისთვის იყენებენ. ვაშინგტონი აცხადებს, რომ ჩინეთის სამხედრო ძალის გაძლიერება საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას და ამ მიზეზით საჭიროა აღნიშნული ტექნოლოგიების ექსპორტის შეზღუდვა.
ბუნებრივია, ჩიპების ტექნოლოგიაზე წვდომის შეზღუდვა ჩინეთის ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს, განსაკუთრებით ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში. თუმცა, პეკინი ცდილობს ადგილობრივი წარმოების განვითარებას და საკუთარი ტექნოლოგიური ბაზის გაძლიერებას, რათა მან უცხოეთზე დამოკიდებულება შეამციროს.