მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ის მტკიცებით, "სავიზო დეპოზიტის პროგრამით" ვიზის ვადაგადაცილების ფაქტები მკვეთრად შემცირდა

სახდეპი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, "სავიზო დეპოზიტის საპილოტე პროგრამა" - რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ 2025 წლის აგვისტოში შემოიღო და რამდენიმე ათეული ქვეყნის მოქალაქეს აშშ-ის B1-B2 კატეგორიის, ტურისტული ან ბიზნეს ვიზის მისაღებად 5 000-დან 15 000 დოლარამდე დეპოზიტის გადახდა დაავალდებულა - ეფექტიანი მექანიზმი აღმოჩნდა ქვეყანაში სავიზო პირობების დარღვევით დარჩენის შემთხვევების შესამცირებლად.

კერძოდ, სახდეპის ცნობით, "სავიზო საგარანტიო პროგრამამ უკვე დაამტკიცა თავისი ეფექტიანობა იმ პირთა რაოდენობის მკვეთრად შემცირებით, რომლებიც ვიზის ვადას აჭარბებენ და ამერიკის შეერთებულ შტატებში არალეგალურად რჩებიან".

პროგრამის ფარგლებში, 2025 წლის 5 აგვისტოდან 2026 წლის 18 მარტამდე, აღნიშნული ტიპის ვიზა 1 000-მდე უცხოელზე გაიცა, რომელთა 97%-იც აშშ-დან სამშობლოში დროულად დაბრუნდა.

"შედარებისთვის: ბაიდენის ადმინისტრაციის ბოლო წელს, იმ 50 ქვეყნიდან, რომლებიც ამჟამად პროგრამაში არიან ჩართულნი, ვიზის ვადას 44 000-ზე მეტმა ვიზიტორმა გადააჭარბა", - წერს სახდეპი.

სახელმწიფო დეპარტამენტის 2 აპრილის გადაწყვეტილებით, სავიზო გარანტიის პოლიტიკა დამატებით 12, ჯამში კი 50 ქვეყანაზე გავრცელდა. დეპარტამენტმა, იმიგრაციის რისკფაქტორების შეფასების საფუძველზე, შესაძლოა პროგრამაში მონაწილე ქვეყნების სია მომავალშიც გააფართოოს.

სახელმწიფო დეპარტამენტი წერს, რომ გაფართოებული სავიზო საგარანტიო პროგრამა ამერიკელ გადასახადის გადამხდელებს ყოველწლიურად ასობით მილიონ დოლარს უზოგავს.

კერძოდ, აშშ-ში არალეგალურად მყოფი უცხოელის დეპორტაცია ამერიკელ გადასახადის გადამხდელს საშუალოდ 18 000 დოლარზე მეტი უჯდება.

"სახელმწიფო დეპარტამენტის ინიციატივით, აშშ-ის გადასახადის გადამხდელები წელიწადში 800 მილიონ დოლარამდე დაზოგავენ - თანხას, რომელიც იმ პირთა დეპორტაციას მოხმარდებოდა, ვინც ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადას დაარღვევდა. ამ თანხას თავად ვიზის მფლობელები დააფინანსებენ", - წერს სახდეპი.

ცნობისთვის, აშშ-ის შიდა უსაფრთხოების 2024 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოს მოქალაქეების მიერ, B1/B2 კატეგორიის ვიზებით, ვადაგადაცილების მაჩვენებელი 2024 წელს 7.43% იყო. კერძოდ, ოფიციალური სტატისტიკით, აშშ ვადაგადაცილების შემდეგ საქართველოს 690-მა მოქალაქემ დატოვა.

18 მარტს საქართველოსთან ერთად, სავიზო დეპოზიტის პროგრამაში ჩართულ ქვეყანათა ჩამონათვალს 11 ქვეყანა დაემატა: კამბოჯა, ეთიოპია, გრენადა, ლესოთო, მავრიკი, მონღოლეთი, მოზამბიკი, ნიკარაგუა, პაპუა-ახალი გვინეა, სეიშელის კუნძულები და ტუნისი.

მანამდე პროგრამა 38 ქვეყნის მოქალაქეებზე ვრცელდებოდა. ესენია: ალჟირი, ანგოლა, ანტიგუა და ბარბუდა, ბანგლადეში, ბენინი, ბუტანი, ბოტსვანა, ბურუნდი, კაბო-ვერდე, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, კოტ-დივუარი, კუბა, ჯიბუტი, დომინიკა, ფიჯი, გაბონი, გამბია, გვინეა, გვინეა-ბისაუ, ყირგიზეთი, მალავი, მავრიტანია, ნიმბია, ნეპალი, ნიგერია, საო-ტომე და პრინსიპი, სენეგალი, ტაჯიკეთი, ტანზანია, ტოგო, ტონგა, თურქმენეთი, ტუვალუ, უგანდა, ვანუატუ, ვენესუელა, ზამბია და ზიმბაბვე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები