მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის ქაღალდის ინდუსტრია ტრამპის ადმინისტრაციისგან ტყის ჩეხის რეგულაციის შერბილებას ითხოვს

ტრამპი

შეერთებული შტატების ქაღალდის წარმოების ინდუსტრია ტრამპის ადმინისტრაციისგან ევროკავშირთან შუამდგომლობას ითხოვს, რათა ბლოკმა შეერთებული შტატები “გაუტყეურებისგან თავისუფალ” ქვეყნად აღიაროს, რაც ქაღალდის ნაწარმის ევროკავშირში ექსპორტს გაამარტივებს.

საქმე ისაა, რომ 2024 წლის დეკემბერში ევროკავშირის მასშტაბით ტყის ჩეხის საწინააღმდეგო პოლიტიკა ამოქმედდა, რომლითაც ბლოკის საზღვრებში აიკრძალა ისეთი პროდუქციის იმპორტი, რომელიც ტყის საფარის განადგურებასთანაა დაკავშირებული. ევროკავშირმა აღნიშნული რეგულაციის ამოქმედება რამდენჯერმე უკვე გადაავადა სავაჭრო პარტნიორების, მათ შორის ბრაზილიის, ინდონეზიისა და აშშ-ის წინა პრეზიდენტის, ბაიდენის ადმინისტრაციის თხოვნითაც.

ტყისა და ქაღალდის ამერიკული ასოციაციის პრეზიდენტი Reuters-თან საუბარში აცხადებს, რომ რეგულაციის ამოქმედების გადადება ვერ დაეხმარებათ კომპანიებს, რომლებსაც მარეგულირებლის კომპლექსურ მოთხოვნებზე უწევთ მორგება და მნიშვნელოვან ტექნიკურ ბარიერებს აწყდებიან. მისი თქმით, ევროკავშირის ახალი პოლიტიკა ამერიკელ ექსპორტიორებს ხარჯებს მნიშვნელოვნად გაუზრდით.

“მოვუწოდებთ პრეზიდენტ ტრამპსა და მის მრჩევლებს ვაჭრობის საკითხებში, ეს საკითხი ევროკავშირთან მოსალაპარაკებელი საკითხების სიაში მოხვდეს, რათა დავრწმუნდეთ, რომ შეერთებული შტატები ცნობილია, როგორც ქვეყანა, რომელიც ჭკვიანურად განკარგავს თავის სატყეო რესურსებს და კონტრიბუცია არ შეაქვს გაუტყეურებაში”, - უთხრა ჰეიდი ბროკმა მედიას.

საკითხზე ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია.

აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი თავის კანონში ნებისმიერი სახის ცვლილებას განიხილავს, საკითხი კომისიამ უნდა წამოაყენოს და წევრმა სახელმწიფოებმა კენჭი უნდა უყარონ.

ევროკავშირის მოქმედი კანონის ფარგლებში, ბლოკის ბაზარზე რძის ნაწარმის, ყავის, კაკაოს, ხისა და სხვა პროდუქტების იმპორტიორებმა უნდა წარადგინონ დამადასტურებელი დოკუმენტები, რომ მათი წარმოება და მიწოდების ჯაჭვი არ მონაწილეობენ დეფორესტიზაციაში, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კი ჯარიმისა და პროდუქტის ევროპის ბაზრიდან მოხსნის რისკის წინაშე დადგებიან.

Reuters-ის თანახმად, აშშ-დან ტყის პროდუქტების ევროკავშირში ექსპორტი $5.3 მილიარდადაა შეფასებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები