ამერიკულ საქონელზე კანადის საპასუხო ტარიფები ამოქმედების შემდეგ, აშშ კანადური პროდუქციის მთელი რიგი კატეგორიების იმპორტს აკრძალავს, მათ შორის - ალკოჰოლურ სასმელებს, რძის პროდუქტების ნაწილსა და მოტოციკლებს.
8 სექტემბერს გამოცემულ აღმასრულებელ განკარგულებებში პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კანადა აშშ-ის მიმართ "დისკრიმინაციულ" პოლიტიკას ატარებს და შეზღუდვების დეტალები გაასაჯაროვა, რომლებიც ძალაში 29 სექტემბრიდან შევა.
კანადის ვაჭრობის მინისტრმა დომინიკ ლებლანმა აშშ-ის ახალ ზომებს "გაუმართლებელი" უწოდა და აღნიშნა, რომ იგი ქვეყნის დასაქმებულების, ოჯახებისა და ბიზნესის ინტერესების დასაცავად იმუშავებს.
"ჩვენი მთავარი ყურადღება იმაზეა მიმართული, რისი გაკონტროლებაც შეგვიძლია: საკუთარი შესაძლებლობების გაძლიერება ქვეყნის შიგნით, საგარეო პარტნიორობის დივერსიფიკაცია და ძლიერი კანადის შენება ყველა კანადელისთვის", - განაცხადა ლებლანმა.
სამშაბათს უფრო ადრე კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ აშშ-ისგან, როგორც უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორისგან დისტანცირებას "თავისი საფასური ექნება".
თეთრი სახლის ახალი სანქციები აშშ-სა და კანადას შორის თვეების განმავლობაში მიმდინარე სავაჭრო ომის მორიგი დარტყმაა. ეს ორი ქვეყანა ისტორიულად ახლო მოკავშირე და ერთმანეთის საკვანძო ბიზნესპარტნიორი იყო.
კანადის მთლიანი ექსპორტის ორ მესამედზე მეტი, როგორც წესი, სწორედ აშშ-ში გადის. Trading Economics-ის მიერ დამუშავებული გაეროს მონაცემებით, 2025 წელს კანადის მიერ აშშ-ში ექსპორტირებული ალკოჰოლური სასმელების ღირებულება 687 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, რძის პროდუქტების - 269 მილიონ დოლარს, ხოლო მოტოციკლების - 90 მილიონ დოლარს.
მექსიკის შემდეგ კანადა აშშ-ის სიდიდით მეორე სავაჭრო პარტნიორია. ამასთან, მისი ექსპორტი აშშ-ის ექსპორტთან შედარებით ნაკლებად დივერსიფიცირებულია.
ბოლო თვეების განმავლობაში საზღვრის ორივე მხარეს ბიზნესის წარმომადგენლები სავაჭრო ომის შედეგების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ. ბევრი მათგანი პროდუქციაზე ფასების ზრდასა და მომხმარებელთა რაოდენობის შემცირებას ელის.
გასულ თვეში, მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდის ჩაშლის შემდეგ, თეთრმა სახლმა დაახლოებით 20 მილიარდი დოლარის ღირებულების კანადურ საქონელზე 50%-იანი ტარიფი დააწესა.
ეს ტარიფები შეეხო ისეთ სექტორებს, როგორიცაა კანადური ავეჯისა და ღვინის წარმოება, ასევე სპორტული და თევზაობის აღჭურვილობის სფერო.
კანადამ ამას საპასუხო ტარიფებით უპასუხა ისეთ ამერიკულ პროდუქტებზე, როგორიცაა ფოლადი, ტანსაცმელი და ავეჯი, რასაც კარნიმ "დოლარზე დოლარით" პასუხი უწოდა. ეს საპასუხო ბაჟები სამშაბათს, შუაღამის შემდეგ შევიდა ძალაში.
სამშაბათს, იმპორტის ახალი შეზღუდვების გამოცხადებისას, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ კანადა ამერიკული ბიზნესის "დისკრიმინაციას" ახდენს, რადგან აშშ-ის პროდუქციას ზღუდავს, მაშინ როცა სხვა ქვეყნებიდან იდენტურ საქონელზე მსგავს შეზღუდვებს არ აწესებს.
ზოგიერთი პროდუქციის, მათ შორის რძის შრატისა და უალკოჰოლო ლუდის იმპორტი სრულად აიკრძალა, ხოლო სხვა კატეგორიებზე - მათ შორის ყველსა და ყველის შემცვლელებზე (რომლებსაც აკრძალვა არ შეხებია), ასევე მოტორულ ნავებზე - ტარიფები კიდევ უფრო გაიზარდა.
თეთრი სახლის მიერ აკრძალული კანადური პროდუქტების სიაში შედის:
- რძის გარკვეული პროდუქტები, მათ შორის რძის შრატი
- შაქრის ლერწმის ბადაგი
- უალკოჰოლო ლუდი
- ღვინის, რომისა და არაყის პროდუქციის ვრცელი ჩამონათვალი
- ალაოსგან დამზადებული ლუდი
- მოტოციკლები, მათ შორის მოპედები
გაზრდილი საიმპორტო გადასახადები შეეხება შემდეგ პროდუქტებს:
- სხვადასხვა სახეობის ყველი
- დაუმუშავებელი ტყავი
- ქაღალდი
- ავეჯისა და მატრასების ნაწილი
- ზოგიერთი ლითონი, მათ შორის ალუმინი და რკინა
- მოტორული ნავები
- გოლფის ელექტრომობილები
- ანკესის ნაწილები და აქსესუარები
- ელექტროგამანაწილებელი ფარები
























