აშშ-ის უმსხვილეს ქალაქებში ათობით მილიონი ადამიანი ჰაერის რეკორდულ ტემპერატურას ებრძვის, თბური ტალღის ფონზე კი 24 ივნისი ყველაზე მწვავე დღედ გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ამინდის ეროვნულ სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს თანახმად, ვაშინგტონსა და ბოსტონში ტემპერატურა 101 გრადუს ფარენჰაიტს მიაღწევს (38 გრადუსი ცელსიუსი), რითაც წინა რეკორდს 6 გრადუსით აღემატება. თბური ტალღა ფიქსირდება ნიუ-იორკშიც, სადაც მოსალოდნელია, რომ ჰაერის ტემპერატურა წინა რეკორდს, 96 გრადუს ფარენჰაიტს გააუმჯობესებს და 99 ფარენჰაიტს მიაღწევს. ნავარაუდებია ახალი რეკორდული ტემპერატურები აღმოსავლეთ აშშ-შიც, ჯორჯიის, ჩრდილოეთ და სამხრეთ კეროლაინის, ვირჯინიის, მერილენდისა და პენსილვანიის შტატებშიც.
ზოგიერთ ქალაქში ექსტრემალური სიცხე სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებასაც იწვევს. ვაშინგტონიდან ნიუ-იორკში, ხოლო ფილადელფიიდან ჰარისბურგში, დღის 12-დან 20:00 საათამდე ჩანიშნულ რეისებზე მატარებელთა სიჩქარის შენელება იგეგმება, რაც ზოგიერთი რეისის გადადებას გამოიწვევს.
მაღალი ტემპერატურა აისახება აშშ-ის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებზეც. რამდენიმე დღით ვიზიტორებისთვის დაიხურა ვაშინგტონის მონუმენტიც.
ამასთან, სამშენებლო კომპანიებს თანამშრომლებისთვის კომპენსაციის გადახდა და მათთვის უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა დაეკისრათ. ერთ-ერთი სამშენებლო კომპანია Fluor-ის კომუნიკაციების მენეჯერი Reuters-თან აღნიშნავს, რომ კომპანია თავის 2000-ზე მეტ თანამშრომელს გაგრილების სისტემებითა და წყლის ბოთლებით მოამარაგებს. ასევე, ერთი საათით ადრე იწყება სამუშაო დღე, რათა თანამშრომლებმა მუშაობის დასრულება დღის ყველაზე ცხელ მონაკვეთამდე შეძლონ.
უჩვეულოდ თბილი ტემპერატურა როგორც აშშ-ში, ასევე კანადაში, ნარგავებზეც ახდენს გავლენას. როგორც ცნობილია, ივნისისთვის უჩვეულოდ მშრალი ამინდის გამო ახლად დათესილი კულტურების განაყოფიერება რთულდება.




























