2025 წლის მესამე კვარტალში ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკა მოსალოდნელზე მეტად, 4.3%-ით გაიზარდა, რაც 1.1 პროცენტული პუნქტით მეტია ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელზე.
ერთი შეხედვით, მშპ-ის ასეთი მკვეთრი ზრდა იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყნის ეკონომიკა მდგრადად იზრდება, თუმცა დეტალურ მონაცემებზე დაკვირვება განსხვავებულ სურათს გვიხატავს და მკაფიოდ ვხედავთ K-ის ფორმის ეკონომიკური ზრდის ტენდენციას, ანუ აცდენას საშუალო და მაღალ ფენებს შორის.
საქმე ისაა, აშშ-ის ეკონომიკის თითქმის 40% ტექნოლოგიურ კომპანიებზე და AI სტარტაპებზე მოდის, ანუ რეალური ეკონომიკური ზრდა არა ბიზნესების და მომხმარებლების, არამედ 10-მდე გიგანტური კომპანიის და რამდენიმე სტარტაპის მიერ არის გენერირებული.
თავად ამ ზრდის უდიდესი ნაწილი AI ინფრასტრუქტურაში განხორციელებულ ინვესტიციებზე მოდის, რაც მონაცემთა ცენტრების მოწყობას, ცირკულარულ გარიგებებს და NVIDIA-ს ჩიპების რეკორდულ შესყიდვას უკავშირდება.
რატომ არის ეს პრობლემა? – საქმე გვაქვს ექსტრემალურ კონცენტრაციასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ კაპიტალის უდიდესი ნაწილი და ეკონომიკური გამომუშავების ძირითადი სიმძლავრე 10-მდე კომპანიაშია კონცენტრირებული, რაც ორ პრობლემას ქმნის: უთანასწორობას და დამოკიდებულებას.
მართალია, თუ ტექნოლოგიური გიგანტები AI რევოლუციით სარგებელს მიიღებენ, ამით მათი ინვესტორები შესაბამისად იხეირებენ, თუმცა ეს სარგებელი მოსახლეობაზე პროპორციულად არ განაწილდება, რაც უთანასწორობას უფრო მწვავე პრობლემად აქცევს, ვინაიდან, მოსახლეობის ტოპ 1% უფრო მეტი აქტივის და სიმდიდრის აკუმულირებას შეძლებს.
მეორე საკითხი კი დამოკიდებულებაა, თუკი ტექნოლოგიური გიგანტები შეცდებიან და AI იმედებს ვერ გაამართლებს, ეკონომიკის უდიდესი ნაწილი ფინანსურ დარტყმას მიიღებს, რომლის თავიდან არიდება და რომლისგან დივერსიფიცირება ფაქტობრივად შეუძლებელია. მარტივად რომ ვთქვათ, ამერიკელების და გლობალური ფინანსური სისტემის ბედ-იღბალი ამჟამად NVIDIA-ზე, Microsoft-ზე, Google-სა და OpenAI-ზეა დამოკიდებული, რაც ერთდროულად წყევლაცაა და წყალობაც.




























