აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ დონალდ ტრამპის ტარიფების უმეტესობა უკანონოდ გამოაცხადა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
კერძოდ, ამერიკის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, პრეზიდენტმა გლობალური ტარიფების დაწესებით თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა. თუმცა, სააპელაციოს გადაწყვეტილება თეთრი სახლის ლიდერის მიერ ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე დაწესებულ ტარიფებს არ ეხება.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, უკვე დაწესებული ტარიფები ძალაში 14 ოქტომბრამდე დარჩება, რათა ამ პერიოდში ტრამპის ადმინისტრაციამ სააპელაციოს გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრება შეძლოს.
ცნობისთვის, ტრამპმა მეორე ვადით პრეზიდენტის პოსტის დაკავების შემდეგ ტარიფები აშშ-ის საგარეო პოლიტიკის საყრდენად აქცია, მათ პოლიტიკური ზეწოლის განსახორციელებლად და სავაჭრო შეთანხმებების ხელახლა მოსალაპარაკებლად იყენებს იმ ქვეყნებთან, რომლებიც ექსპორტს ახორციელებენ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ტრამპმა აპრილში გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა იმის გამო, რომ აშშ ექსპორტზე მეტს იმპორტს ახორციელებს, რასაც ქვეყანა ათწლეულების განმავლობაში აკეთებდა. ტრამპმა მაშინ განაცხადა, რომ მუდმივი სავაჭრო დეფიციტი ძირს უთხრის აშშ-ის საწარმოო შესაძლებლობებს.
ტარიფებმა ტრამპის ადმინისტრაციას ბერკეტი მისცა, რათა სავაჭრო პარტნიორებისგან ეკონომიკური დათმობები მიიღოს, თუმცა ასევე გაზარდა არასტაბილურობა ფინანსურ ბაზრებზე.




























