მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის საფერავის ფესტივალზე ,,საფერიკა“ ქართული ღვინო იყო წარდგენილი

6464dae4db4f7
ვიქტორია მღებრიშვილი
17.05.23 18:35
849
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკის შტატის ფინგერ ლეიკსის რეგიონში, „დოქტორ კონსტანტინ ფრანკის მეღვინეობის“ ტერიტორიაზე, საფერავის ორდღიანი ფესტივალი „საფერიკა“ გაიმართა, სადაც ქართული საფერავის ღვინო იყო წარდგენილი.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გარვცელებული ინფორმაციით, ფესტივალი ორგანიზაცია „საფერიკა“ ორგანიზებითა და სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა.
პირველ დღეს, ,,საფერიკას“ ღვინის სფეროს ექსპერტები, ღვინის ინდუსტრიის და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები სტუმრობდნენ, ხოლო მეორე დღეს, ფესტივალს ღვინის მოყვარულები, HoReCa სექტორისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

„წელს, ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 30-მდე კომპანიის მიერ წარმოებული საფერავის ჯიშის ღვინოები, როგორც საქართველოდან, ისე ფინგერ ლეიკსის რეგიონიდან. ,,საფერიკას“ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო, გაცნობოდნენ ქართულ კულინარიას, ასევე მიეღოთ ინფორმაცია როგორც საფერავის და ზოგადად, ქართული ვაზის ჯიშების, ასევე საქართველოსა და ქართული მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და კულტურის შესახებ“, - ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც BM.GE-ს ღვინის ეროვნულ სააგენტოში უთხრეს, ფესტივალის მონაწილე 30 კომპანიას შორის დამსწრე საზოგადოებამ საქართველოდან გაგზავნილი შალოშვილის მარნის, მუკუზნის ღვინის სარდაფის, მეღვინეობა ბახტრიონის, მეღვინეობა შათირის, ბარბალეს მარნის, მარანი გვაზის, მარანი ნაფერის, ვაჩეს მარნის, ზურაბ კვირიაშივლის ვენახის, Georgian Royal Wine-სა, მწვანე ესთეითის და სხვა ღვინოების დაგემოვნება შეძლო.

ცნობისთვის: ნიუ-იორკის შტატში, ფინგერ ლეიკსის რეგიონში, უკვე 60 წელია, ადგილობრივ ღვინის მწარმოებლებს საფერავისა და რქაწითელის ჯიშების ყურძენი აქვთ გაშენებული. პირველი ფესტივალი „საფერიკა“ 2022 წლის მაისში ჩატარდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ორგანიზაცია „საფერიკა“ 2022 წელს, აშშ-ში დაარსდა და მისი მიზანია აშშ-ის მასშტაბით, ქართული ყურძნის ჯიშების, მათ შორის, საფერავის და ქართული ღვინის სახეობების პოპულარიზაცია.

უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები წარმოადგენს ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს, ამასთან, აშშ-ის ბაზარი ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი სეგმენტია, სადაც ქართული ღვინის ერთი ლიტრის საშუალო ფასი 6 აშშ დოლარს აღემატება. გამომდინარე აქედან, აშშ-ში ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება აქტიურად ხორციელდება.

აღსანიშნია, რომ 2022 წელს აშშ-ში საქართველოდან 5.2 მლნ დოლარის ღირებულების 993 ტონა ღვინო გავიდა, რაც რეკორდული მაჩვენებელი იყო. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ამ მიმართებით გაყიდული ღვინის რაოდენობა 172 ტონას, ღირებულება კი 1.1 მლნ დოლარს აღემატება. ექსპორტირებული ღვინის მოცულობა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით მცირედით 4.3%-ით შემცირდა, ღირებულება კი 3.7%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები