მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ტექნოლოგიური კომპანიის, Microsoft-ის დამფუძნებლის, ბილ გეიტსის შეფასებით, აშშ-ის მიერ საგარეო დახმარების გაცემა მნიშვნელოვანია არამხოლოდ იმ ქვეყნისთვის, რომელიც კონკრეტულ ფინანსურ რესურსს მიიღებს, არამედ თავად დონორისთვის, რადგან ასე, სხვადასხვა ქვეყნები მის მიმართ კეთილგონიერად განეწყობიან. ქველმოქმედი მილიარდერის შეფასებით, თუ აშშ-ის საგარეო დახმარება მოულოდნელად შეწყდება, შედეგს მილიონობით ადამიანი იგრძნობს.
“ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი, რომ ზოგიერთი სახელმწიფო პროგრამის შეკვეცის გადაწყვეტილება გაუქმდებოდა. ილონ მასკმა, მაგალითად, მთლიანად გაანულა გარკვეული პროგრამები, ძირითადად USAID-ის მიერ დაფინანსებული, რომლებიც შიმშილის დაძლევასა და HIV-ის მედიკამენტების მიწოდებაზე მუშაობდნენ. ასეთი პროგრამები, როგორიცაა PEPFAR, ჯერ კიდევ პრეზიდენტ ბუშის დროს დაიწყო და დღემდე 20 მილიონზე მეტ ადამიანს შეუნარჩუნა სიცოცხლე HIV-ის პრეპარატებით. ეს ყველაფერი რომ მოულოდნელად შეწყდეს, კატასტროფა იქნება. ეს ნამდვილად მილიონობით ადამიანს შეეხება.
ძალიან ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ საგარეო დახმარება სახელმწიფოს ბიუჯეტის 5%-ია და ფიქრობენ, რომ ეს მაჩვენებელი 2%-მდე უნდა შემცირდეს. რეალურად კი, ეს მხოლოდ 1%-ია. სხვა ქვეყნებში სიღარიბის დაძლევა არა მხოლოდ ადამიანებს ეხმარება, არამედ ახალ ეკონომიკურ პარტნიორობებს აყალიბებს, არალეგალურ მიგრაციას ამცირებს და აშშ-ის მიმართ კეთილგანწყობას ქმნის. ამას გარდა, გეოპოლიტიკური ასპექტიც არსებობს: ზოგიერთ ქვეყანას უწევს არჩევანის გაკეთება—აშშ-ის მხარეს იყოს თუ ჩინეთის”, — განაცხადა ბილ გეიტსმა ჟურნალისტ უოლტერ აიზეკსონთან ინტერვიუში, რომელიც PBS-ზე გავიდა.
“ბილ და მელინდა გეიტსების ფონდის” დამფუძნებელმა რობერტ კენედი უმცროსზეც ისაუბრა — ადამიანზე, რომელიც აშშ-ის სენატმა ჯანდაცვის დეპარტამენტის მდივნად დაასახელა. ბობი კენედის ვაჟი ცნობილი ანტივაქსერია და პოლიტიკაში სწორედ ამერიკული ჯანდაცვის სისტემის გარდაქმნის სურვილმა მოიყვანა. ცოტა ხნის წინ, პოლიტიკოსმა ბილ გეიტსი და აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის ყოფილი ხელმძღვანელი, ენტონი ფაუჩი დასავლური დემოკრატიის გადატრიალებაში დაადანაშაულა. როგორც ბილ გეიტსი ამბობს, ფონდი სახელმწიფოსთან ურთიერთობას გააგრძელებს.
“გეიტსების ფონდი კვლავაც განაგრძობს თანამშრომლობას მთავრობასთან. NIH მსოფლიოს საუკეთესო სამედიცინო კვლევითი ორგანიზაციაა, როგორც USAID—საუკეთესო სააგენტოა საგარეო დახმარების მიმართულებით. იმედი მაქვს, მალე შევხვდები რობერტ კენედი უმცროსს და ვისაუბრებთ სიცოცხლის გადამრჩენი პროგრამების გაგრძელების აუცილებლობაზე”, — განაცხადა ბილ გეიტსმა.
შეგახსენებთ, რომ ბილ გეიტსი, რომელიც ერთ დროს პლანეტის უმდიდრესი ადამიანი იყო, საკუთარ ქონებას ქველმოქმედებისთვის იყენებს. დღეს, ბილ გეიტსის ქონებას ამერიკული Bloomberg-ი $168 მილიარდად აფასებს.