Microsoft-ის თანადამფუძნებელმა ბილ გეიტსმა ხელოვნური ინტელექტისა და რობოტების გამოყენების დაბეგვრა მოითხოვა. მილიარდერმა ბიზნესმენმა აშშ-ის მთავრობას კონკრეტული პროფესიების ავტომატიზაციისგან დაცვისა და ადამიანებისთვის სამუშაო ადგილების შენარჩუნებისკენ მოუწოდა.
გეიტსის თქმით, არსებული საგადასახადო სისტემა კომპანიებს ადამიანური რესურსის ტექნოლოგიებით ჩანაცვლებისთვის გარკვეულწილად აჯილდოებს. თუ სამუშაოს ხელოვნური ინტელექტი შეასრულებს, დამსაქმებლის ხარჯები შემცირდება, თუმცა სახელმწიფო ბიუჯეტში სოციალური უზრუნველყოფის გადასახადები აღარ შევა, რაც, საბოლოო ჯამში, ცხოვრების სტანდარტებს შეამცირებს.
ამასთან, ფედერალური საპენსიო ფონდის მთავარი რეზერვი უკვე მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშეა და 2032 წლის ბოლოსთვის ამოწურვის რისკიც არსებობს. შესაბამისად, ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება ამ ფინანსური დანაკლისის შევსების შანსებს კიდევ უფრო შეამცირებს.
პარალელურად, ბილ გეიტსი ტექნოლოგიური სექტორისთვის უსაფრთხოების მკაცრი წესების დაწესებას ითხოვს. მისი განმარტებით, მთავრობამ ხელოვნური ინტელექტი ავიაციისა და მედიცინის მსგავსად უნდა დაარეგულიროს.
აღსანიშნავია, რომ გეიტსის ეს პოზიცია თეთრი სახლის ამჟამინდელ ხედვას ეწინააღმდეგება. კერძოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ტექნოლოგიური კომპანიებისთვის თვითრეგულირების მექანიზმის შენარჩუნება აუცილებელია და ამ ინდუსტრიისთვის დამატებითი გადასახადების დაწესება არც განიხილება.
























