ახლო აღმოსავლეთში სამხედრო დაპირისპირების გამწვავებამ, ნავთობის ფასების ზრდამ და ინფლაციურმა შიშებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში სესხების აღების ღირებულება ახალ მაქსიმალურ ნიშნულამდე გაზარდა. დღეს, აშშ-ის 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციების ეფექტურმა საპროცენტო განაკვეთმა 4.79%-ს მიაღწია, რაც 2025 წლის იანვრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
გლობალურ ობლიგაციების ბაზარზე დაფიქსირებული ცვლილებები პირდაპირ აისახება როგორც აშშ-ის მთავრობის მიერ კაპიტალის მოზიდვის ფასზე, ისე იპოთეკური, ავტო და საკრედიტო ბარათების სესხების განაკვეთებზე.
ანალიტიკოსების შეფასებით, სესხების აღების ღირებულების მკვეთრი ზრდა ინფლაციის ტემპთან დაკავშირებულმა შიშებმა გამოიწვია, რამაც გააძლიერა მოლოდინი, რომ აშშ-ის ფედერალური რეზერვი მიმდინარე თვეს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას დაიწყებს.
ინფლაციურ რისკებთან ერთად, ინვესტორებში შეშფოთებას იწვევს გლობალურად მთავრობათა მიერ აღებული ვალების მოცულობის რეკორდული ზრდა და ტექნოლოგიური გიგანტების კაპიტალური დანახარჯები. მოგეხსენებათ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ეროვნულმა ვალმა $40 ტრილიონიან ნიშნულს გადააჭარბა, რაც ახალი ანტირეკორდია.
შეგახსენებთ, რომ ობლიგაცია წარმოადგენს სახელმწიფო ვალდებულებას, რომელსაც მთავრობები საბიუჯეტო დანახარჯების დაფინანსების მიზნით უშვებენ. ინფლაციის მაღალი დონის ან მომავალში ფასების ზრდის მოლოდინის პირობებში, ინვესტორები ობლიგაციებიდან უფრო მაღალ შემოსავლიანობას ითხოვენ, რაც მსოფლიოს მასშტაბით საპროცენტო განაკვეთების დინამიკას განსაზღვრავს. რაც უფრო მაღალია ობლიგაციების შემოსავლიანობა, მით უფრო ძვირი უჯდება მთავრობას ამ ვალდებულების მომსახურება.




























