აშშ-ის სამთავრობო ფასიანი ქაღალდების კრიზისი მწვავდება. 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციების სარგებლიანობა ოთხშაბათს 5.12%-მდე გაიზარდა, რაც 2007 წლის შემდეგ უმაღლესი მაჩვენებელია.
პარალელურად, 30-წლიანი ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი 5.37%-მდე გაიზარდა, 5-წლიანი ობლიგაციების შემოსავლიანობამ კი ასევე 2007 წლის პიკს მიაღწია, რამაც საფონდო ბირჟებზე აქციების ფასების კლება გამოიწვია.
ობლიგაციების სარგებლიანობის ზრდა ნავთობის ფასების მატებასა და მოსალოდნელზე უარეს ინფლაციური მონაცემებს უკავშირდება, რამაც ბაზარზე აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ განაკვეთების ზრდის შესახებ ნარატივი გაამძაფრა.
ახალი სტატისტიკური მონაცემების ფონზე, ინვესტორებმა ოქტომბერში FED-ის მიერ საპროცენტო განაკვეთის მორიგი მატების ალბათობა 70%-მდე გაზარდეს. ამასთან, ინვესტორთა ნაწილი უკვე ფიქრობს, რომ წელს ფედერალურ რეზერვს განაკვეთის გაზრდა არა 2-ჯერ, არამედ 3-ჯერ მოუწევს, რაც ობლიგაციების და აქციების ბაზრებზე დიდ ცვლილებებს გამოიწვევს.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ გრძელვადიანი ობლიგაციების სარგებლიანობა მიმდინარე წელს თითქმის უწყვეტად იზრდება, რადგან ინვესტორები სახელმწიფო ვალის ფლობასთან დაკავშირებული რისკების გამო მეტ კომპენსაციას ითხოვენ.
პარალელურად, ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით კორპორაციული ობლიგაციების ემისია იზრდება, რამაც ბაზარზე ფასიანი ქაღალდების მიწოდება გააფართოვა და კონკურენცია გაზარდა.
თავისი არსით, ობლიგაციების სარგებლიანობის ზრდა, რაც ბონდების ფასების კლების პროპორციულია, სამომხმარებლო, იპოთეკური და კორპორაციული სესხების გაძვირებას იწვევს.
























